ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს.
მათივე ცნობით, ფასი 650 ლარია /ტონის ფარგლებში მერყეობს.
„ბიზნესპრესნიუსთან“ მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ შეთანხმების შემდეგ 1 თვის წინ მათ ნამდვილად გაყიდეს 1 000 ტონა ხორბალი, რაც მოსავლის მხოლოდ 10%-ია. მას შემდეგ კი, პროცესი შეჩერდა.
„პირველი შეთანხმების შემდეგ, ჩვენ შარშანდელი მოსავლის 10%, ანუ 1 000 ტონა ხორბალი ჩავაბარეთ. მას შემდეგ კი პროცესი შეჩერებულია.
წისქვილების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიმძლავრეებს ჯერ ვერ ზრდიან, რადგან ბაზარზე ისევ არის დიდი რაოდენობით დაბალ ფასად შემოტანილი ფქვილი დარჩენილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, როდის და რა ფასად, ან რა მექანიზმით შევძლებთ, როგორც გასული წლის, ასევე ახალი მოსავლის ჩაბარებას", - განაცხადა ბენიაიძემ.
ინფორმაციისთვის, ფქვილზე, ე.წ. ამრეკლი გადასახადის დაწესებამდე, მემარცვლე ფერმერები აცხადებდნენ, რომ მიწების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. მიზეზი კი ადგილობრივი მარცვლეული კულტურების დაბალი გასაყიდი ფასი იყო, რაც რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ განაპირობა. შედეგად, ადგილობრივ მემარცვლეებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა დაუდგათ.