ნედლი ნავთობისა და გაზის ფასი გაიზარდა - რა ღირს საწვავი საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები ისევ იმატებს. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 74 დოლარამდეა გაზრდილი, WTI Crude-ის ღირებულებამ კი 69 დოლარი შეადგინა.

ზოგადად, ერთწლიან პერიოდში კი, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 55,35 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს პარასკევის ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებული ფასია, რაც "ვაგნერის ჯგუფის" აჯანყების ფაქტს არ ითვალისწინებს.

ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ერთ დღეში ევროპული გაზის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ 36 ევროს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,83 მილიონი ბარელით და შეადგინა 463,293 მლნ ბარელი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოში:

5 ყველაზე დიდ ბენზინგასამართ სადგურზე ( ვისოლი, ლუკოილი, გალფი, რომპეტროლი, პორტალი) სუპერის ტიპის საწვავი 3.57 ლარი ღირს, მხოლოდ „სოკარშია" ფასი 3.49 ლარი.

პრემიუმის ფასი 2.68 ლარიდან 2.77 ლარამდეა. რეგულარის ფასი 2.40 ლარიდან 2.52 თეთრამდე.

რაც შეეეხება გაზს, მისი ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1.55 ლარიდან 1.69 ლარამდე მერყეობს.

თამარ მუკბანიანი