რუსეთმა იმპორტირებულ ღვინოზე შესაძლოა, გადასახადი გაზარდოს

რუსეთის ხელისუფლება იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადის გაზრდას განიხილავს, რაც ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირებისთვის კეთდება. ამ გადაწყვეტილებას ორი თვის განმავლობაში მიიღებენ. ინფორმაციას „როსიისკაია გაზეტა” ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ალექსეი საზანოვის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად რუსეთის შიდა ბაზარზე იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადი 12,5%-ს შეადგენს. საზანოვის ცნობით, ამ პროცენტული ოდენობის შესაძლო ცვლილების შესახებ განხილვაში ფედერაციის არაერთი უწყება, მათ შორის ფინანსთა და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროები მონაწილეობენ. ამასთან, ის განმარტავს, რომ რუსეთში უცხოური ღვინის იმპორტის სრულ აკრძალვას მთავრობა არ აპირებს.

„ჩვენთვის მთავარია, იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადის ოდენობის შესახებ დაბალანსებული გადაწყვეტილება შევიმუშაოთ, რომელიც მომხმარებლისთვის ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს. პარამეტრები, რომლებიც ახლა განიხილება, საშუალებას გვაძლევს, რუსეთის ღვინის ბაზარზე ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ პროცესს ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურიც შეუერთდება, რომელიც ბაზარზე სიტუაციას გააანალიზებს,” - აცხადებს საზანოვი.

ცნობისთვის: საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ფედერალური საბაჟო სამსახურის ბოლო მონაცემებით, იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა. შედეგად, რუსეთში ღვინოების მიწოდებაში საქართველოს წილმა მოცულობით 19,1%-ს, იტალიის წილმა კი 18,5%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში საქართველო იმპორტის ლიდერ იტალიას ჯერ ვერ უსწრებდა, თუმცა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის ესპანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა.

საინფორმაციო ცენტრ WineRetail-ის შეფასებით, ქართული ღვინოები ნულოვან საიმპორტო გადასახადს ექვემდებარება, ხოლო იტალიიდან მიწოდება შესაძლოა, გადახდებთან დაკავშირებული სირთულეებითა და ვალუტის კურსის ზრდით შეიზღუდოს.

„როსკაჩესტვოს“ გამოცემა „რუსეთის ღვინის გზამკვლევის” მონაცემებით, შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ღვინოების მიმართ ინტერესის შემცირების ფონზე, მეზობელი საქართველოდან ნატურალური ღვინოების გაყიდვები ყოველწლიურად 20%-ზე მეტად იზრდება. უწყების ცნობით, საცალო ვაჭრობაში სწორედ ქართული ღვინოები უწევს კონკურენციას რუსულ საშუალოფასიანი კატეგორიის ღვინოებს.

რუსული კომპანია AST-ის შეფასებით, ფასების, ოპტიმალური ლოგისტიკისა და გადახდის სიმარტივის გამო საქართველო რუსეთის ფედერაციაში ღვინის იმპორტში პირველი ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. მით უმეტეს, AST-ის ცნობით, ინდუსტრია ამჟამად ზოგიერთი ქვეყნიდან ღვინის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, ამ ზომებმა კი შესაძლოა, ბაზარზე ქართული ღვინის გამყარება და წილის გაზრდა გამოიწვიოს.

რაც შეეხება საქართველოდან ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტს, წელს იანვარ-მაისში ქვეყნიდან გავიდა 103,252 მლნ დოლარის ღირებულების 35 568 ტონა ღვინო, აქედან რუსეთში 69,009 მლნ დოლარის ღირებულების 25 235 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ მოცულობის მიხედვით რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 71%, ხოლო თანხობრივად თითქმის 67%.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ