კიტრი 50%-ით გაძვირდა - რომელი ქვეყნებიდან შემოდის პროდუქტი ქვეყანაში?

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად - 50%-ით გაძვირდა კიტრი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორი იყო კიტრის იმპორტის მაჩვენებელი საქართველოში.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში წლიურად კიტრის იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ 5 თვეში იმპორტმა 9 130 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 3 559 340 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება გასული წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებს, ქვეყანაში 2 781 360 აშშ დოლარის 8 429 ტონა ახალი და გაცივებული კიტრი და კორნიშონები შემოვიდა.

მიმდინარე წლის 1-ელ 5 თვეში კიტრის იმპორტი სულ 4 ქვეყნიდან განხორციელდა. საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • აზერბაიჯანი - 5 480 აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 10 580 აშშ დოლარი;
  • ირანი - 356 600 აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 3 186 670 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი