გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. 2013 წელს დააფუძნა თანაინვესტირების ფონდი ასევე რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქე ლევან ვასაძესა და ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავ, უჩა მამაცაშვილთან ერთად. 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას.
სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, საუბარი იყო მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნაზე. თუმცა საბოლოოდ ბაჩიაშვილი ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. მანამდე, გიორგი მუშაობდა ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, კომპანიაში „Unicor“-ში, სადაც პასუხისმგებელი იყო ფინანსური დაგეგმარების, დაქვემდებარებული კომპანიების მართვის და მონიტორინგის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით, მოხდა საბანკო, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და ფარმაცევტიკის სექტორებში არსებული ექვსი კომპანიის გაყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.
2017 წელს ბაჩიაშვილმა შპს კეპლერ ინვესტმენტი დააფუძნა, რომლის 100% წილი მისი საკუთრებაა.
ბაჩიაშვილი 2020 წელს საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე გახდა.
გიორგი ბაჩიაშვილი პროფესიით ფინანსისტია, ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ბაჩიაშვლს 2015 წელს 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. დღეს კი, ამ ბიტკოინების ღირებულება დაახლოებით 98 მლნ აშშ დოლარია.