პროკურორის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომლებმა 2020 წელს, კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებული დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს

პროკურორ ლაშა ფანჩულიძის განცხადებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს.

როგორც პროკურორმა სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბრალდების მხარემ სამ ბრალდებულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა მოითხოვა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამიმილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი ლარიდან 170 000 ლარს დაეუფლნენ.

ამის საფუძველზე წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარემ სამ პირთან მიმართებით პატიმრობა მოითხოვა. ეს სამი ადამიანი ფინანსური მენეჯერი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს თანამშრომელი და ინდმეწარმე არიან“, - განაცხადა პროკურორმა.