მოსკოვის პროკურატურა Mars-ს უკრიანის არმიის დაფინანსების საქმეზე ამოწმებს

მოსკოვის ოლქის პროკურატურამ ამერიკული კომპანია Mars-ის შემოწმება უკრაინის არმიის დაფინანსების საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ TASS-ს სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს.

სააგენტოს თანამოსაუბრის ცნობით, „ამჟამად მოსკოვის ოლქის პროკურატურა შვილობილი რუსული შპს Mars-ის უკანონო საქმიანობას, კერძოდ, კომპანიის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების საკითხს, ასევე, მიღებულ შემოსავლებსა და რუსეთის ფედერაციის ხაზინაში გადახდილ გადასახადებთან ამ შემოსავლების შესაბამისობას ამოწმებს.“

მანამდე Mars-ში აუდიტის ჩატარების მოთხოვნით რუსეთის გენპროკურატურას უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა მიმართა. ის აცხადებდა, რომ „კომპანია რუსეთში მილიარდებს შოულობს, რითიც შემდეგ უკრაინას, ხოლო ჰუმანიტარული მიზნების მიღმა შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც აფინანსებს.“ ბოროდინის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ რუსული ბიზნესიდან მიღებული მოგების უკრაინაში გაგზავნის პირობა არაერთხელ დადო.

Mars შოკოლადის ბატონებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის ბრენდების, კერძოდ, Bounty-ის, Milky Way-ის, Twix-ის, M&M's-ისა და Skittles-ის გარდა, ასევე, საღეჭი რეზინის ბრენდებს, Orbit-სა და Wrigley's-ს ფლობს. ამასთან, კომპანია შინაური ცხოველების საკვები ბრენდების, Pedigree-ის, Royal Canin-ისა და Sheba-ის მფლობელია.

Mars-ის პრეზიდენტმა, გრანტ რიდმა გასული წლის მარტში გამოაცხადა, რომ კომპანია რუსეთსა და ბელარუსში ყველა სახის სარეკლამო კამპანიას აჩერებდა და რუსეთში ინვესტირებას დროებით წყვეტდა.

5 მაისს Mars-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 13,5 მლნ დოლარი უკრაინელი ხალხისა და მათი შინაური ცხოველების დასახმარებლად გამოყო. კერძოდ, 9 მლნ დოლარი უკრაინის მოსახლეობის კვებაზე, ასევე, უსაფრთხო და საიმედო საცხოვრებლებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის სერვისების პროექტებზე დაიხარჯებოდა. დანარჩენი 4,5 მლნ დოლარი შინაური ცხოველების საკვებისა და ვეტერინარული უზრუნველყოფის, ასევე, თავშესაფრების დახმარების პროექტებს მოხმარდებოდა.

ამასთან, პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ კომპანიამ მანამდეც გამოყო 12 მლნ დოლარი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children International-ს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ საზოგადოებას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა და ორგანიზაცია „ვეტერინარები საზღვრებს გარეშეს“ შესწირა. კომპანიამ ამ ორგანიზაციებს ფინანსური მხარდაჭერა მათი „გმირული ძალისხმევისთვის გამოუცხადა, რომელიც საშინელი ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის ვითარების შესაცლელად არის მიმართული.“

Mars რუსეთში 10 ქარხანას მართავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ