პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები გამოითხოვა

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია, ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას,“- აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

თაია არდოტელი