საქართველოში რუსების ფულადი გზავნილები 55%-ით შემცირდა - ტენდენცია გაგრძელდება

რუსეთიდან საქართველოში გადარიცხვების მოცულობა მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, 55%-ით შემცირდა და 154,7 მლნ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო RBC მეზობელი ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადარიცხვების სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს სტატისტიკა საბანკო და ფულადი გზავნილების სისტემების, Zolotaya Korona-ს, Unistream-ისა და Contact-ის გადარიცხვებს მოიცავს.

ტრანსფერების კლება 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებით, დაახლოებით, 2 მლრდ დოლარის გზავნილი დაფიქსირდა, რაც, სულ ცოტა, 2012 წლიდან რეკორდული მოცულობაა. ამ მაჩვენებელმა 2021 წლის მონაცემებს ხუთჯერ გადააჭარბა.

მაშინ ფულადი გზავნილების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში რუსების შედინება იყო, ამჟამად გზავნილების კლების ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ მოცულობები აღარ არსებობს. სხვა მიზეზებს შორის RBC, ასევე, ასახელებს მიგრანტთა ფინანსური ქცევის ცვლილებას, რუსეთში მათი ნაწილის დაბრუნებას, უკვე გადარიცხული თანხების დანაზოგებიდან გამოყენებასა და მსხვილი ბანკების მიერ გადარიცხვების პოპულარულ მეთოდებზე შეზღუდვების შემოღებას. ადგილობრივი ბანკების ეს მარეგულირებელი მიზეზები მეორადი სანქციების ქვეშ მოქცევის რისკს უკავშირდება.

„ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუკი რაიმე დიდი შოკები არ დაფიქსირდა. მაკროეკონომიკურ დღის წესრიგში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება გავლენას ახდენს რუსების ფინანსურ ქცევაზე. თუმცა მოკლევადიანი აფეთქებები ანგარიშებზე არსებულ თანხაზე და ნაღდი ფულის მოთხოვნაზე უფრო ახდენს ეფექტს, ვიდრე საერთაშორისო გზავნილებზე. ეს გადარიცხვები უფრო გრძელვადიანი ცვლილებების მიმართ არის მგრძნობიარე,“ - წერს RBC.

მაისში რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა, წლიური თვალსაზრისით, პირველად შემცირდა 2022 წლის მარტის შემდეგ, როცა ასეთი ტრანზაქციები ქვეყნიდან რუსების წასვლისა და საბარათე ტურიზმის ფონზე პოპულარული გახდა. ოთხ ქვეყანაში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში მაისში მთლიანობაში 625,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2022 წლის მაისზე 33%-ით ნაკლებია. RBC-ის გამოთვლით, მაისის მაჩვენებელი, ასევე, მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებლის მიმართაც შემცირდა, როცა რუსეთდან ამ ოთხ ქვეყანაში მთლიანობაში 650,4 მლნ დოლარი გადაირიცხა.

13 თვის განმავლობაში სიტუაცია საპირისპირო იყო. წლევანდელი მაისის კლებამდე, მაჩვენებელი წლიური თვალსაზრისით მხოლოდ 2022 წლის მარტში, 8%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც უკრაინაში ომის დაწყება და მკაცრი სანქციების დაწესება იყო. ამასთან, მაშინ ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა რუსების მიერ ქვეყნიდან თვეში 5000 დოლარზე მეტი თანხის გატანა აკრძალა. თუმცა მოგვიანებით ეს ლიმიტი საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად 1 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ფულადი გზავნილების სისტემებით გადარიცხვებზე 10 000- დოლარიანი ზღვარი მოქმედებს.

გასული წლის აპრილიდან საზღვარგარეთ გზავნილების მოცულობა იზრდებოდა და პიკს 2022 წლის ოქტომბერში მიაღწია, როცა გადარიცხვების ოდენობამ 1,1 მლრდ დოლარს მიაღწია. წლიური თვალსაზრისით ზრდის მაქსიმალური მაჩვენებლები წლევანდელ თებერვალში (+225%) და 2022 წლის ოქტომბერში (+210%) დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ