163 ქვეყნიდან 94-ე ადგილი - საქართველოში მშვიდობა საშუალო დონეზეა

მშვიდობის გლობალური ინდექსით საქართველო ისევ საშუალო დონის სახელმწიფოების რიგშია და 163 ქვეყანას შორის 2.071 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. თუმცა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყანა ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამის შესახებ საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ (Institute for Economics & Peace - IEP) მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მშვიდობის ინდექსის (Global Peace Index) მე-17 გამოცემაში არის ნათქვამი.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთი პოზიციით უსწრებს აზერბაიჯანს, რომელიც 2.09 ქულით 95-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 15 პოზიციით დაწინაურდა. თუმცა ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 1,929 ქულით 66-ე ადგილზეა (დაწინაურდა 3 პოზიციით).

რაც შეეხება თურქეთსა და რუსეთს, პირველი მშვიდობის ინდექსის დაბალ, მეორე კი უმდაბლესი დონის ქვეყნებს განეკუთვნება. თურქეთი 2.8 ქულით 147-ე, რუსეთი კი 3.142 ქულით 158-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 3 პოზიციით ჩამოქვეითდა, თურქეთმა კი, პირიქით, სიაში 5 ადგილით ზევით აიწია.

მასშტაბური ომის მდომარეობაში მყოფი უკრაინა რუსეთს მაინც უსწრებს, თუმცა მხოლოდ ერთი პოზიციით და 3.043 ქულით ქვეყანა 157-ე ადგილზეა. ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის გამო უკრაინა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 14 პოზიციით ჩამოქვეითდა.

ზედიზედ რამდენიმე წელია, რაც Global Peace Index-ის ლიდერი ისლანდიაა. ქვეყანა შიდა და გარე კონფლიქტების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი დონით, ასევე, დაბალი ტერორისტული საფრთხითა და პატიმრების მეტად დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

რაც შეეხება Global Peace Index 2022-ის ტოპ 10-ეულს, ეს ქვეყნებია:

  • ისლანდია - 1.124 (უცვლელად)
  • დანია - 1.31 (დაწინაურდა 1 პოზიციით)
  • ირლანდია - 1.312 (ჩამოქვეითდა-1)
  • ახალი ზელანდია - 1.313 (დაწინაურდა-2)
  • ავსტრია - 1.316 (ჩამოქვეითდა-1)
  • სინგაპური - 1.332 (დაწინაურდა-4)
  • პორტუგალია - 1.333 (დაწინაურდა-1)
  • სლოვენია - 1.334 (ჩამოქვეითდა-4)
  • იაპონია - 1.336 (უცვლელად)
  • შვეიცარია - 1.339 (დაწინაურდა-1)

ასევე, წლებია, რაც საპირისპირო 10-ეულში ავღანეთი ლიდერობს. მშვიდობის ინდექსის მხრივ ყველაზე საშიში ქვეყნებია:

  • ავღანეთი - 3.448 (უცვლელად)
  • იემენი - 3.35 (უცვლელად)
  • სირია - 3.294 (უცვლელად)
  • სამხრეთ სუდანი - 3.221 (უცვლელად)
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 3.214 (უცვლელად)
  • რუსეთი - 3.142 (ჩამოქვეითდა-3)
  • უკრაინა - 3.043 (ჩამოქვეითდა-14)
  • სომალი 3.036 (დაწინაურდა-2)·
  • სუდანი 3.023 (უცვლელად)
  • ერაყი 3.006 (დაწინაურდა-3)

IEP-ის ექსპერტები მშვიდობის მხრივ 163 ქვეყნის უსაფრთხოებისა და საფრთხის რისკებში 24 ფაქტორს ითვალისწინებენ. მათგან მთავარი არის ძალადობრივი სიკვდილიანობის რაოდენობა, ტერორიზმის გავლენა, ბირთვული პოტენციალი, მშვიდობის პირობები, სოციალური უსაფრთხოება, შიდა კონფლიქტები და საერთაშორისო კავშირები.

წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, მთლიანობაში გლობალური კონფლიქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96%-ით გაიზარდა და 238 000-ს მიაღწია. ამასთან, ძალადობით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური შედეგები ერთ წელიწადში 17%-ით, ანუ 1 ტრლნ დოლარით გაიზარდა და 17,5 ტრლნ დოლარს მიაღწია, რაც გლობალური მშპ-ის 13%-ის ექვივალენტურია.

IEP -ის დასკვნით, კონფლიქტები უფრო მეტად ინტერნაციონალიზებული გახდა. კერძოდ, რაიმე სახის გარე კონფლიქტში ამჟამად 91 ქვეყანა არის ჩართული, მაშინ, როცა 2008 წელს მათი რაოდენობა სულ 58-ს შეადგენდა.

„ბოლო რეიტინგი აჩვენებს, რომ მსოფლიოში მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. კერძოდ, წლევანდელი ანგარიშის შედეგები ადასტურებს, რომ შარშანდელი კვლევის მაჩვენებლებთან შედარებით გლობალური მშვიდობის საშუალო მაჩვენებელი 0,42%-ით გაუარესდა,“ - წერს IEP.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ