ნათია თურნავა ფრანკფურტში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა სამუშაო ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა და პაპუნა ლეჟავა დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), "პროკრედიტ ჰოლდინგის" (Procredit Holding) და "ფაინენს ინ მოუშენის" (Finance in Motion) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, გარდამავალ პერიოდში, საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული, დეტალურად ვისაუბრეთ. ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე",- განაცხადა ნათია თურნავამ.