თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის დროს, აბუ-დაბიმ და ანკარამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს 50,7 მილიარდი დოლარის ოდენობით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო WAM.
ხელმოწერის ცერემონია ერდოღანის არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან შეხვედრის შემდეგ შედგა, რომლის დროსაც მხარეები უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ.
ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის სააგენტო ასახელებს შეთანხმებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ, ხელშეკრულებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ, დეკლარაციას ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის შექმნის შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხედრო მრეწველობაში სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ასევე მემორანდუმს საექსპორტო დაკრედიტების თაობაზე. როგორც WAM-ის ინფორმაციიდან ირკვევა, ჯამში მხარეებმა 15 ხელშეკრულება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მათი უმეტესობა გაფორმებულია მთავრობებს, ორი ქვეყნის შესაბამის დეპარტამენტებს, ასევე მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს შორის.
17 ივლისს ერდოღანი სამდღიანი ტურით გაემგზავრა სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის მწარმოებელი არაბული მონარქიებისგან. წინა ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტი ჯედასა და დოჰას ეწვია, სადაც მოლაპარაკებები გამართა საუდის არაბეთის გვირგვინოსან პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან და ყატარის ემირთან, თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან.
ერდოღანის საუდის არაბეთში ვიზიტის შედეგად მხარეებმა ასევე მოაწერეს ხელი რამდენიმე შეთანხმებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას ენერგეტიკის, საინვესტიციო და თავდაცვის ინდუსტრიებში გულისხმობს. კერძოდ, სამეფომ გააფორმა ორი კონტრაქტი თურქულ კომპანია Baykar-თან, რომელიც Bayraktar-ის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.