შედეგები, რომლებიც 2023 წლის ზაფხულის უპრეცედენტო სიცხეს მოჰყვება

მთელს მსოფლიოში უპრეცედენტო სიცხეა - ივლისში ტემპერატურის მრავალი ჩანაწერი განახლდა და ეს წელი შესაძლოა, ყველაზე ცხელიც გახდეს ისტორიაში.

„ეს ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე ცხელი თვე იქნება დედამიწაზე ასობით თუ არა, ათასობით წლის განმავლობაში“-, განუცხადა ჟურნალისტებს NASA-ს გოდარდის კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორმა გევინ შმიდტმა 20 ივლისს.

შმიდტის ვარაუდით, სიცხის გახანგრძლივებული ტალღა ზრდის შანსებს, რომ 2023 წელი რეკორდულად ცხელი იქნება, მაგრამ მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო ცხელი იყოს, რადგან ელ-ნინიოს ტემპერატურის ფენომენი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს გლობალური ტემპერატურის ზრდას, სავარაუდოდ პიკს ამ წლის ბოლომდე მიაღწევს.

შმიდტის თქმით, ბოლო ელ-ნინიომ, რომელიც 2014 წლიდან 2016 წლამდე დაფიქსირდა, განაპირობა ის, რომ ამ წლების განმავლობაში მსოფლიო ტემპერატურის რეკორდები მუდმივად ირღვეოდა და 2016 წელი ყველაზე ცხელი წელი გახდა დედამიწაზე.

download-1690015711.jpg

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ანტიციკლონმა „ცერბერმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტემპერატურის საყოველთაო მატება გამოიწვია. ბევრი რეკორდი მოიხსნა 18 ივლისს, ტემპერატურამ 40-ს გადააჭარბა ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბოსნიაში.

19 ივლისს რომის Ciampino-ს აეროპორტის მახლობლად ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს - 40,6 გრადუსს მიაღწია. უკანასკნელად ასეთი მაღალი ტემპერატურა 981 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. ამინდის ისტორიკოსის, მაქსიმილიანო ჰერერას შეფასებით, რომის სხვა რაიონში ტემპერატურა 42,9 გრადუსი იყო.

ექსტრემალური ამინდის პირობები შეინიშნება მთელს მსოფლიოში. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში ტემპერატურამ 16 ივლისს 52,2 გრადუსს მიაღწია, რითიც წლის ამ დროისთვის ისტორიულ ზღვარს გადააჭარბა.

ემისიის ფაქტორი

„კლიმატის კრიზისი არ არის გაფრთხილება, ის უკვე აქ არის“, - დაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ტვიტერზე და მსოფლიო ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

„მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკა მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ 2100 წლისთვის ჩვენ მივაღწევთ საშუალო ტემპერატურის 2,7 გრადუსით გაზრდას“, - ციტირებს CNN-ი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორ საიმონ ლუისის განცხადებას. „ნახშირბადის გამონაბოლქვის ღრმა, სწრაფმა და მდგრადმა შემცირებამ ნულამდე შეიძლება შეაჩეროს დათბობა, მაგრამ კაცობრიობას მომავალში კიდევ უფრო ძლიერ სიცხესთან ადაპტაცია მოუწევს“, - განაცხადა ლუისმა.

230302-carbon-dioxide-emissions-se-1203p-b0a977-1690015830.jpg

არსებობს მოვლენების განვითარების რბილი და მძიმე სცენარები: თუ კაცობრიობა ხელს არ შეუშლის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდას. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, გრენლანდიის ყინული თითქმის დნება, რაც ზღვის დონეს 4-7 მ-ით ამაღლებს, ეს კი ბევრ სანაპირო ზოლს შეცვლის.

2015 წლის პარიზის შეთანხმება მთავარ საერთაშორისო დოკუმენტად რჩება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ის მიზნად ისახავს გლობალური გაზის ემისიების შემცირებას და ტემპერატურის მატების შეზღუდვას ამ საუკუნეში 2 გრადუს ცელსიუსამდე, ამასთან, ეძებს გზებს ამ ზრდის შემდგომი შეზღუდვისთვის 1,5 გრადუს ცელსიუსამდე. შეთანხმების მხარე გახდა 194 ქვეყანა, რომლებმაც ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულებები და გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარი გეგმები შეიმუშავეს.

ეკა დარჩიაშვილი