საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 10,3 ათასი ტონა ატამი გავიდა, რამაც ქვეყანას ჯამში 11,1 მილიონი დოლარი მოუტანა.
ექსპორტის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა.
როგორც east-fruit-ი წერს, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანაა რუსეთი (9 266 ტონა), სომხეთი (970 ტონა), ბელარუსი (20 ტონა) და უკრაინა (18 ტონა).
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ახორციელებს პროგრამებს ფერმერების, კერძოდ მებაღეების დასახმარებლად. ერთ-ერთი ყველაზე დიდია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის 27 მარტიდან ამოქმედდა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი მიზნებია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-მარკეტინგის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის მეწარმეებისთვის იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით.
გარდა ამისა, 2015 წლიდან ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ნაწილია და გულისხმობს ფერმერების მიერ ნერგების შესაძენად ბაღების განახლებისა და გაშენებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას.
ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 17,6 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ახალი მრავალწლიანი ბაღები გაშენდა, სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა კი 133 მილიონ ლარს (51,7 მლნ აშშ დოლარი) აჭარბებს.