უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამყარო მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ანომალიური ამინდის ცვალებადობას აკვირდება. ყურადღების ცენტრშია ევროპა და აზია, რომლებიც ერთის მხრივ, ანომალიურმა სიცხემ და ხანძრებმა, მეორეს მხრივ, წყალდიდობებმა და ქარიშხლებმა დააზიანა.
მაგალითად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი წყალდიდობები სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, მათ შორის დედაქალაქ დელიში.
ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მდგომარეობა საგნგაშოა. საბერძნეთში უკვე რამდენიმე კვირაა ხანძრებს ვერ აქრობენ, იტალიის ნაწილი გაუსაძლის სიცხეს, ნაწილიც - ქარიშხლებსა და წყალდიდოებებს ებრძვის, გაუსაძლის სიცხეს ებრძვიან საფრანგეთშიც.
ცნობისათვის, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სოფლის მეურნეობის მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი ნორმალურზე მაღალი ნალექის ალბათობას ექვემდებარება. მაღალი სასოფლო-სამეურნეო ღირებულების მქონე ქვეყნები, როგორიცაა ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთის ფედერაცია და ტაილანდი, უფრო მაღალი წყალდიდობის რისკის ქვეშ არიან. ექსტრემალური ამინდის მოვლენები გავლენას მოახდენს ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით კი დაუცველ ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურებზე.
აშკარაა, რომ ელ-ნინიო, არსებითად იმოქმედებს რეგიონში სურსათის, ენერგიისა და ფინანსების კავშირზე.
მაგალითად, საბერძნეთში, სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე - ტურიზმი უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს და ყოველ მეხუთე სამუშაო ადგილს. მეცნიერთა შეფასებით, ამ თვეში საბერძნეთის ტყის ხანძრის შედეგად 1 მეგატონა ნახშირბადი გამოიყოფა.
ევროკავშირის კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის თანახმად, ტყის ხანძრები, რომლებიც საბერძნეთში 17 ივლისიდან მძვინვარებს, ჩამორჩება ქვეყნის ყველაზე მაღალ ემისიას ბოლო 21 წლის განმავლობაში. ევროპის ტყის ხანძრის საინფორმაციო სისტემა - Copernicus-ის კიდევ ერთი სერვისი - იუწყება, რომ 22 ივლისის მდგომარეობით, ევროკავშირის ტყის 173 000 ჰექტარზე მეტი ფერფლად იქცა.
დამწვარი კაქტუსი
მაღალი ინტენსივობის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი ემისიების დიდი რაოდენობით, ამ მყიფე ეკოსისტემებში ბიომრავალფეროვნების დაკარგვა გარემოსდამცველების დიდ შეშფოთებას იწვევს. მათი მტკიცებით, მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა. ზარალი კი რამდენიმე მილიონ ევროდ უკვე შეფასდა და დიდი ალბათობით, ეს საბოლოო მაჩვენებელი არ არის.
იტალიაში, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ფიზიკური რისკის თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა ყველაზე დაუცველი სექტორია: სწორედ ტემპერატურა და ნალექი არის მოსავლის წარმოების ფუნქციაში უმთავრესი ფაქტორი. იტალიაში მოყვანილ სამ ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე - სიმინდი, ხორბალი და ყურძენი მეღვინეობისთვის, რომლებიც წარმოებისა და ექსპორტის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდ მოცულობას წარმოადგენს, საფრთხის ქვეშაა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, იტალიის კუნძულებზე - სიცილია და სარდინია ყველაზე ცხელი ტემპერატურა - 48 გრადუსი მიმდინარე კვირას დაფიქსირდება და ეს იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ევროპაში ოდესმე დაფიქსირებულა.
ამავდროულად, აშშ-ის ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოსცა გაფრთხილება სამხრეთ და დასავლეთ შტატებში "გავრცელებული და დამთრგუნველი" სიცხის ტალღის შესახებ, რის შედეგადაც 80 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. კალიფორნიის სიკვდილის ველმა 16 ივლისს მიაღწია თითქმის რეკორდულ ტემპერატურას - 52 გრადუს ცელსიუსს. სამხრეთ კალიფორნია კი უამრავ ტყის ხანძარს ებრძვის.
აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიამ გამოსცა გაფრთხილება სითბური დარტყმის შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს ათობით მილიონ ადამიანზე, რადგან ქვეყნის რამდენიმე ნაწილში თითქმის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
”ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის სასტიკი ზაფხულია” - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ხუთშაბათს, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ ივლისი წლის ყველაზე ცხელი თვეა.
"რეკორდული სიცხე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი დიდი ხანია იწინასწარმეტყველეს, ცვლილებების ტემპი დამანგრეველია“, - ამბობს გუტიერეში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა განვითარებულ ქვეყნებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარი გამოყონ განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები გლობალურ ეკონომიკას 3 ტრილიონი დოლარით შეანელებს.
ცნობისათვის, 1982-83 და 1997-98 წლებში ელ-ნინიომ მსოფლიო კეთილდღეობა სულ მცირე, ხუთი წლით შეანელა.
მსოფლიო ეკონომიკას ის 5,7 ტრილიონი დოლარი დაუჯდა და დაახლოებით 23 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.