კახა კალაძე - შენ თუ სამშობლო გიყვარს, რატომ უნდა მოითხოვო სანქციებთან მიერთება?

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა, რასაც ებრძვიან.

თბილისის მერმა „საქსტატის“ მონაცემები შეაფასა, რომლის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისაც სამშობლო უყვარს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ქვეყანაში „მეორე ფრონტს“ არ მოითხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება. შემთხვევითი არ არის ის, რომ მაგალითად, გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ეს შედეგი ჩვენ მივიღეთ იმ პოლიტიკური ნაბიჯების შედეგ, რომელიც ქვეყანამ გადადგა, საქართველოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და ზუსტად ამას ებრძვიან. არ უნდათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდებოდეს. შენ თუ შენი სამშობლო გიყვარს, რატომ უნდა მოითხოვო მაგალითად, სანქციებთან მიერთება? რატომ უნდა მოითხოვო „მეორე ფრონტის“ გახსნა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით რას მივიღებდით? ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, ქვეყანაში ბიზნესი კი არ იქნებოდა განვითარებული, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, გლეხებს დავაზიანებდით, რომელიც 24 სთ-იან რეჟიმში შრომობს. მაგალითად, კახეთში იმისთვის, რომ ყურძენი მოიყვანოს და შემდეგ ღვინო გააკეთოს, ამ პროდუქციის რეალიზება მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე. რა არის ამაში ცუდი, რომ ეს თანხები ისევ საქართველოს ეკონომიკაში შემოდის და ისევ ისე გლეხი გაძლიერდება, უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, თავის შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს. რატომ არის ეს ცუდი? შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მშენებლობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„სამშენებლო მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები. არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ, კვალიფიკაცია ყოველგვარი გადასახადის გარეშე აიმაღლონ. მერიას აქვს შესაბამისი პროგრამები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლოს და შემდეგ ხელი შევუწყოთ დასაქმებაში. მივესალმებით იმას, რომ ეკონომიკა ვითარდება“,-განახადა კალაძემ.