როგორ უნდა დავარეგისტრიროთ საკუთრებაში არსებული მიწა, მარტივად, ზედმეტი დანახარჯებისა და ბიუროკრატიულ პროცესების გარეშე - ამის შესახებ „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თამთა კახიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ვადები, რომელსაც მოქალაქეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, იმისთვის, რომ დამატებითი პროცედურები და ხარჯები თავიდან აიცილონ.
ცნობისთვის, საუბარია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სისტემური რეგისტრაციის პროგრამაზე, რომლის დასრულებაც 2024 წელს იგეგმება.
„კონკრეტული ვადები არსებობს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციონ მოქალაქეებმა ყურადღება. როდესაც რეესტრი ჩადის კონკრეტულ რეგიონში, პირველ რიგში იწყებს მოქალაქეების ინფორმირებას, რომ აქ იწყება სისტემური რეგისტრაცია, მათ ამ პროცესს ყურადღება უნდა მიაქციონ. კერძოდ, აკეთებს სისტემურ აზომვას, კონკრეტული რეგიონის, შემდეგ მოიძიებს დოკუმენტაციას და დაამუშავებს. ამის შემდეგ აკეთებს რუკას, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს საიტზე საჯაროდ და მუნიციპალიტეტებში აუცილებლად. ამ გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეებს აქვთ ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ დახედონ რუკას და თუ ნახავენ, რომ თავიანთი საკუთრება არასწორად არის მითითებული, ერთთვიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დააფიქსირონ რეესტრში და განცხადება დაწერონ, რომ არ ეთანხმებიან ამ მოცემულობას. შემდეგ რეესტრი გადახედავს და დაიწყებს ინფორმაციის თავიდან დამუშავებას. თუკი მეზობლებს შორის არის დავა, ამ შემთხვევაშიც ასევე შესაძლებელია ჩატარდეს მედიაციის პროცესი, რომელიც მოქალაქისთვის ასევე უფასოა, 2 კვირას გასტანს დაახლოებით. თუკი აქ შეთანხმება მოხდა, ბუნებრივია, ამ შეთანხმების შესაბამისად, დარეგისტრირდება, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, შემდეგ დავა გადაინაცვლებს სასამართლოში. თუმცა, ეს ერთთვიანი ვადა არ უნდა გაექცეთ მოქალაქეებს, იმიტომ, რომ შესაძლოა, ისეთი ხარვეზი იყოს გაპარული, რაც მარტივად მოგვარებადია და შემდეგ აიცილონ სასამართლო დავა და ა.შ.
მეორე ვადა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ თუკი კონკრეტულ ქონებაზე ვერ მოიძიეს დაინტერესებული პირი (იქნება ეს უფლების აღიარების კუთხით დასარეგისტრირებელი, თუ კონკრეტული დოკუმენტაციის საფუძველზე), პირობითად, ასეთი ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს სახელზე. ეს ვადა არის ერთი წელი. ანუ ერთი წლით იქნება სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებული და ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მიაკითხოს მოქალაქემ, რომ ამ ქონებაზე ის აცხადებს პრეტენზიას. შემდეგ უკვე გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში“,- განაცხადა თამთა კახიძემ.
რაც შეეხება საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერი, თუნდაც ძველი მოწმობა შეიძლება გამოდგეს, არ არსებობის შემთხვევაში კი, 2-3 მოწმეა საჭირო.
„ორი პროცესია, ერთი, როდესაც რაღაც ქონებას, ეს იქნება ე.წ „შევარდნაძის მოწმობა“, „მებაღის წიგნაკი“, თუ ნებისმიერი საკუთრების უფლების დამდგენი ძველი დოკუმენტი, ადასტურებს, რომ მათ სახელმწიფომ გადასცა ეს ქონება. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ მათ სახელზე რეგისტრირდება ქონება.
მეორე პროცესია, საკუთრების უფლების აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ არა დოკუმენტის საფუძველზე, არამედ, უნდა მოიპოვოს საკუთრება მოქალაქემ, რადგან დიდი ხანია ამ ქონებას ფლობს. მამა-პაპისეული ქონებაა, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. თუ ის 2007 წლამდე ფლობდა და იყენებდა ამ საკუთრებას, ამ შემთხვევაში, მას დასჭირდება მოწმეები, ეს არის 2 მოწმე მომიჯნავე საკუთრებიდან, ხოლო 3 მოწმე, თუკი მომიჯნავე არ ჰყავს, რომელიც დაუდასტურებს, რომ ის ნამდვილად, ფლობდა 2007 წლამდე ამ ქონებას. ასეთ შემთხვევაში უკვე ხდება საკუთრების უფლების აღიარება. ადრე ამას აკეთებდა საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თუმცა, თუ ეს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ხდება, გამგეობაში გადავიდა ეს საკითხიც და რეესტრი აკეთებს ამ ყველაფერს“,- აღნიშნა იურისტმა.