რას სთავაზობს მომხმარებელს სტუდენტური სტარტაპი CARTUNE

სტუდენტური სტარტაპი CARTUNE CARTUNE არის სპეციალიზირებული პლატფორმა ავტო დიტელინგის (ავტომობილის დეტალური მოვლის) სერვისებისა და მათი მომხმარებლებისთვის.

სტარტაპი დიტელინიგ ცენტრებს სთავაზობს სრულყოფილ და დახვეწილ პროგრამულ სისტემას მარკეტინგის, ჯავშნების და ფინანსების ეფექტურად სამართავად, ხოლო ავტომობილის მძღოლებს სთავაზობს მარკეთფლეისს, სადაც გამჭვირვალედ, მოხერხებულად და სწრაფად შეუძლიათ, მოძებნონ მათთვის სასურველი სერვისი, სახელოსნოები შეადარონ რეიტინგით, ფასითა და მომსახურების დროით, შემდეგ კი მარტივად დაჯავშნონ ვიზიტი და შეაფასონ მომსახურება.

დიტეილინგ სერვისები მოიცავს: ქიმწმენდა (ინტერიერის დიტეილინგი), დეტალური რეცხვა, პოლირება (გაპრიალება), კერამიკული საფარი, ფირის მონტაჟი, სალონის რესტავრაცია, ხმის იზოლაცია, ანტიწვიმა, აუდიო სისტემის მონტაჟი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ CARTUNE-ის დაფუძნების იდეა Tegeta-ს სტარტაპ აქსელერატორ Startup Drive-თან ერთად დაიბადა. Startup Drive პირველ ეტაპზე იყო კონკურსი, რომელიც საავტომობილო მიმართულებით მასშტაბირებადი ბიზნეს იდეების აღმოჩენას ისახავდა მიზნად. აპლიკაციების მიღების დასრულებამდე 3 დღე იყო დარჩენილი, როდესაც 19 წლის თომა ფირცხელანმა Startup Drive-ის შესახებ გაიგო. წინასწარ არანაირი იდეა არ ჰქონია, მაგრამ ძალიან უნდოდა რეალური ღირებულება შეექმნა ადამიანებისთვის. ამიტომ თავის 2 კურსელ მეგობარს შესთავაზა, რომ ერთად ეცადათ ამ კონკურსში მონაწილეობა და ასე დაიბადა CARTUNE. საწყისი 150 იდეიდან CARTUNE მოხვდა საუკეთესო 20-ში, პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ საუკეთესო 10-ში და მიიღეს 5000 ლარი პირველი პროტოტიპის გასამართად, აქსელერაციის ბოლოს კი გახდნენ გამარჯვებულები და მიიღეს 100,000 ლარის ინვესტიცია Tegeta Holding-სგან.

CARTUNE-ის გუნდის წევრები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU-ს) კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის სტუდენტები არიან: თომა ფირცხელანი, ლუკა გოგოლაძე, მიხეილ თენიეშვილი, ნიკა კურტანიძე, დავით ჯიშკარიანი, ლუკა კორძახია.

თომას აზრით, ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტორმა, რომ გუნდის წევრები სტუდენტები არიან. ინვესტორები ზოგჯერ არასერიოზულად აღიქვამდნენ, რადგან ასაკი არ უწყობდათ ხელს, თუმცა საზოგადოებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა, რადგან ყველას სჯერა, რომ ეს არის ის თაობა, რომელიც საქართველოს ფეხზე წამოაყენებს, კიდევ უფრო განავითარებს და უკეთესს გახდის. თომასაც მტკიცედ სჯერა, რომ სწორედ ის და მისი თანატოლები შექმნიან უკეთესი საქართველოს ხვალინდელ დღეს.

„ყველამ კარგად იცის საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, როგორი რთულია სანდო ავტოხელოსნის პოვნა, რომელიც შენს ავტომობილს დათქმულ დროში ხარისხიანად შეაკეთებს და არ ეცდება შენს მოტყუებას. წინასწარ შეუძლებელია ობიექტური ფასების და მომსახურების დროის გარკვევა. CARTUNE-ის შექმნის პირველივე ინიციატივა მძღოლებისთვის ამ პრობლემის გადაჭრა იყო. ალბათ, ხვდებით რამდენად რთული 1.5 წელიწადი გაიარა CARTUNE-ის გუნდმა. წარმოიდგინეთ, ხელოსანს, რომელსაც მაზუთიანი ხელები აქვს, მიდიხარ და ეუბნები, რომ აწი ჯავშნები კალენდარში უნდა მონიშნოს და ნაღდი ფულის ნაცვლად, გადარიცხვებით მიიღოს თანხა. ბაზრის ამ სირთულეების და დაულაგებლობის გამო, CARTUNE-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ საწყის ეტაპზე მხოლოდ ავტომობილის მოვლის (დიტეილინგ) სერვისებით დაეწყო ოპერირება. თუმცა მათი ჩანაფიქრი უცვლელი რჩება და მათი თქმით, საქართველოში, დღეს, ხვალ ან 1 წელიწადში, აუცილებლად გამართავენ ავტომობილისთვის საჭირო ყველა სერვისს“ - ამბობენ სტარტაპის დამფუძნებლები.

საკუთარი კომპანიის შექმნის, ალბათ, სხვადასხვა მოტივაცია არსებობს. CARTUNE-ის შემთხვევაში, მთავარი მოტივაცია ყოველდღიურად განვითარებისა და ადამიანებისთვის რეალური ღირებულების შექმნის სიყვარულია.

„გუნდის წევრები სტუდენტები ვართ და თეორიული ცოდნა ჩვენთვის ძალიან ხელმისაწვდომია. მაგრამ, რეალური ცხოვრების სირთულეებთან შეჯახება საერთოდ სხვაგვარად გასწავლის და განვითარებს. შეიძლება, ფურცელზე შექმნა პროდუქტი, გაწერო მარკეტინგული სტრატეგია, ლექტორმა უმაღლესი ქულა დაგიწეროს, რეალურ ცხოვრებაში კი არავინ არ გამოიყენოს ეს პროდუქტი. ინოვაციური და რეალურად ღირებული პროდუქტის შექმნა საკმაოდ გრძელი და ეკლებით სავსე გზაა“, - ამბობს თომა ფირცხელანი.

დღეს CARTUNE-ის პლატფორმაზე უკვე რეგისტრირებულია ავტომობილის მოვლის (დიტეილინგის) სეგმენტის წამყვანი 10 სტუდია და ყოველკვირეულად ემატება სხვა სერვისცენტრებიც. როგორც უკვე ითქვა, CARTUNE სერვისცენტრებს სთავაზობს, ჯავშნების, ფინანსური და მარკეტინგული მენეჯმენტის სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას. იმის გარდა, რომ გუნდი თავადვე ცდილობს ყველა სანდო სახელოსნო დაამატონ CARTUNE-ის პლატფომაზე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ სახელოსნოს შეუძლია გააგზავნოს თხოვნა CARTUNE-ის Facebook-ზე ან info@cartune.ge-ზე და მალევე მიიღებენ პასუხს.

რაც არ უნდა კეთილი ჩანაფიქრი ჰქონდეს ბიზნესს, მას თუ შემოსავალი არ აქვს, აუცილებლად მოვა დღე, როდესაც ამ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. ამიტომ CARTUNE-ის გუნდიც აანალიზებს, რომ ფინანსურად მყარი კომპანიის შექმნა აუცილებელი პირობაა დასახული მიზნების მისაღწევად. CARTUNE ჯერ მხოლოდ 1 კვირაა, რაც ბაზარზე გაეშვა, შესაბამისად, ჯერ ძალიან ადრეა, რეალურ ფინანსურ მოგებაზე საუბარი. თუმცა, გუნდმა ძალიან ღრმად შეისწავლა CARTUNE-ის მსგავსი გლობალური კომპანიების ბიზნესმოდელი და ფინანსური საქმიანობა, შესაბამისად, ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ, თუ რა სახის მოგებას უნდა ელოდნენ CARTUNE-სგან.

ავტომობილის მოვლის (დიტეილიგნის) მიმართულებით ბაზარზე დღეს CARTUNE-ს კონკურენტი ფაქტობრივად, არ ჰყავს. მეგობრის გარდა დღეს ვერავინ გირჩევს, სად წაიყვანო შენი ავტომობილი ქიმწმენდისთვის ან პოლირებისთვის. ვიზიტის დაჯავშნასა და ფასების წინასწარ გარკვევაზე ხომ საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება გლობალურ ჭრილში - CARTUNE-ის კონკურენტული უპირატესობა ავტომობილის მოვლის სექტორში სპეციალიზაციაა. გლობალური კონკურენტები არიან Yelp.com და Groupon.com, რომლებიც ჯავშნებისა და შეფასებების ზოგადი პლატფორმები არიან და მოიცავენ 100-ზე მეტ ინდუსტრიას, მათ შორის: სარესტორნო, თეატრალური და სხვა. შესაბამისად, მათთან შედარებით, CARTUNE-ს სერვისცენტრებისა და მომხმარებლების წარმოუდგენლად უფრო ღრმა პრობლემებს შეუძლია გასცეს პასუხი.

„ქართველებს ძალიან გვიყვარს იდეები და გვგონია, რომ თავად იდეა ძალიან ძვირფასია. იდეა შეიძლება იყოს კარგიც, ცუდიც და გენიალურიც, მაგრამ სანამ არ განახორციელებ, ვერ გაიგებ, რომელია. შესაბამისად, იდეა ძალიან პატარა, როგორც ნაპერწკალი ცეცხლის დასანთებად, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია მდგრადი კომპანიის შესაქმნელად. CARTUNE-მა საკმაოდ გრძელი და რთული გზა გამოიარა დღევანდელ დღემდე, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ და განვვითარდეთ, რომ შემდეგ კვლავ შევძლოთ ჩვენი კომპანიის განვითარება და წინსვლა.“ - ამბობს თომა ფირცხელანი.

სტარტაპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რა თქმა უნდა, მასშტაბირების შესაძლებლობაა. ერთია - პროდუქტს შეეძლოს მასშტაბირება და მეორე - ბაზარი გაძლევდეს ამის საშუალებას. CARTUNE-ის შემთხვევაში პროდუქტი (Marketplace) თავისივე ხასიათით მასშტაბირებადია. CARTUNE-ს არ აქვს ზღვარი, რამდენი სახელოსნო ან მომხმარებელი შეიძლება დაემატოს პლატფორმას. არც ის, რომელ ქვეყანაში განაგრძობს ოპერირებას. რაც შეეხება ბაზარს, ბოლო 5 წელიწადში ავტო დიტეილინგის ინტერესი გასამმაგდა, ხოლო ამ სერვისების ჯავშნის ინტერესი გაექვსმაგდა. ეს სეგმენტი ძალიან სწრაფად მზარდი და ჯერჯერობით, საკმაოდ აუთვისებელია. ეს ფაქტორები გუნდს აძლევს რწმენას, რომ CARTUNE-ს მასშტაბირების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აკვირდებიან ამერიკას და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს.

CARTUNE-ის გეგმაა, მაქსიმალურად შეისწავლონ სერვისცენტრებისა და მომხმარებელების საჭიროებები და შექმნან ისეთი პლატფორმა, რომლითაც საქართველოდანვე, დისტანციურად შეძლებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში სახელოსნოების დამატებას და ბიზნესის განვითარებას. ნამდვილად ამბიციური გეგმაა, მაგრამ, როგორც გუნდის წევრები ამბობენ - „ამბიციების გარეშე არცერთი უზარმაზარი კომპანია არ შექმნილა“.

(NS)