2022 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „სუპერ პუმას“ ყიდის და სამაშველო შვეულმფრენებს ყიდულობს.
კერძოდ, 2022 წელს გამოცხადებული შესყიდვის პირობებით, მთავრობა AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს ყიდდა, სანაცვლოდ კი 3 ერთეული თანამედროვე სტანდარტების შვეულმფრენი უნდა ეყიდა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში.
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე რიცხული AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი განკუთვნილია მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადასაყვანად, აღნიშნული შვეულმფრენის კომპლექტაცია არ იძლევა საშუალებას, გამოყენებული იქნას პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის.
„Airbus Helicopters S.A.S“-მა მოლაპარაკების პროცესში გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი, მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო (რომელიც ჩაერიცხება შსს მომსახურების სააგენტოს).
ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შეღავათიან ფასად (საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო) შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.
H145 არის მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. იგი აღჭურვილია 2 ძრავით, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ვინაიდან ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია მეორე ძრავმა აიღოს სრული დატვირთვა. მას შეუძლია 6000 მეტრის სიმაღლეზე ოპერირება, შესაბამისად მისი გამოყენება საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონშია შესაძლებელი,“- აღნიშნულია AIRBUS-სა და შს სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
რაც შეეხება მიწოდებას, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პირველი შვეულმფრენის მიღება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვის განმავლობაში (ბოლო ვადა - 2024 წლის მაისი), მეორე შვეულმფრენის - 19 თვის განმავლობაში (ბოლო ვადა - 2024 წლის ივლისი), ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში (ბოლო ვადა - 2024 წლის აგვისტო). შესაბამისად, საქართველო აღნიშნულ სამაშველო შვეულმფრენებს არაუგვიანეს 2024 წლის ზაფხულში მიიღებს.