საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყნიდან 43 382 ტონა ღვინის ექსპორტი (126,030 მლნ აშშ დოლარი)განხორციელდა, საიდანაც 69.1% რუსეთის ბაზარზე მოდის. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, წელს 6 თვეში საქართველომ 14.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 549 ტონა ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის რეალიზებული ღვინის ღირებულებას 12.4%-ით, მოცულობას კი 15.9%-ით ჩამორჩება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელმაც წელს ევროკავშირში ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით გაიტანა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
სს ბადაგონი - ანგარიშგების პორტალის მიხედვით, 2003 წელს კომპანია დარეგისტრირდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 2018 წლის 2 აპრილს კი, კომპანია გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის ერთადერთი აქციონერი, 2021 წლის მდგომარეობით, იყო გიორგი სალაყაია
სს თბილღვინო - reportal.ge-ს მიხედვით, 2020 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 50%-ან წილებს ფლობენ გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები.
სს თელიანი ველი - reportal.ge-ს მიხედვით, 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის საბოლოო მშობელი კომპანიაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „Georgia Capital“ („GCAP“), რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.
შპს ასკანელი ძმები - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 55%-ს ფლობს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, 45%-ს კი შპს ასკანელი ვაინერი & დისტილერი. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 100%-საც გოგა ჩხაიძე ფლობს. დირექტორია ირაკლი უგულავა.
შპს კონჭო და კომპანია - კომპანიის მფლობელია სააქციო საზოგადოება კორპორაცია ქინძმარაული (2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ამ უკანასკნელის 43.21%-ს ფლობს თამაზ კონჭოშვილი, 23.91%-ს ეკატერინე ამირანაშვილს, 11.38%-ს სიმონ ტუგუნიძე, 9.48%-ს ალექსანდრე ბილანიშვილი, 5.93% -ს ელგუჯა ცირიკაშვილი). ხოლო დირექტორია გიორგი ავაზაშვილი.
შპს მეღვინეობა ხარება - კომპანიის 52,2%-ის მფლობელია შპს მეღვინეობა ხარება, 42%-ის შპს საქართველოს მარანი ( აღნიშნულ კომპანიებს შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ინტელლეგენს ჰოლდინგი ფლობს), 5%-ის შპს ვაჩნაძიანი (კომპანიის 67% ეკუთვნის ვახტანგ ლიპარტიანს, 33% - ალექსანდრე ხარებავას), ხოლო 0.5%-ის ალექსანდრე ხარებავა.
სს თელავის ღვინის მარანი - 2021 და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 49,95%-ან წილებს ფლობენ ზურაბ რამაზაშვილი და კახა ზუკაკიშვილი.
შპს რთველისი - სამეწარმეო რეესტრი მიხედვით, კომპანიის 20%-ანი წილებს ფლობენ თორნიკე ქორთოშიძე, თორნიკე ჭიკაძე, ნიკოლოზ იმერლიშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, და ზაური ქორთოშიძე. აღმასრულებელი დირექტორია მიხეილ ბუზალაძე, გენერალური დირექტორი თორნიკე ჭიკაძე.
შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS) - კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება „მარუსია“, დირექტორია გერმანიის მოქალაქე დირკ არნო ლიპერი.
შპს ყვარლის სარდაფი - კომპანიის 55% ეკუთვნის ნინო ბარათაშვილს, 45% ონისე ღვალაძეს. დირექტორია ვაჟა ღვალაძე.