ილონ მასკის ბიოგრაფი, უოლტერ აიზექსონი ოროთახიანი სახლის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. ის მასკს შინ იმ დროს ეწვია, როცა მის შესახებ წიგნს წერდა.
ბიოგრაფის ცნობით, მასკმა გადაწყვიტა, გაეყიდა თავისი ხუთი ძვირადღირებული სახლი და მისი მთავარი რეზიდენცია ყოფილიყო სპარტანული ოროთახიანი სახლი ტეხასის შტატის ბოკა ჩიკაში, სადაც ის მილიარდერს შეხვდა.
„ის ამ ხის მაგიდასთან იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა,“ - წერს აიზექსონი თავის პოსტში და ფოტოს აქვეყნებს.
მასზე ნაჩვენებია სტუდიოს ტიპის ბინა, ანუ მისაღები ოთახის ნაწილი ღია სამზარეულოთი, სადაც ერთ-ერთ სკამზე მასკის ქურთუკი კიდია, ხოლო ჟურნალების ხის მაგიდაზე რაკეტის სკულპტურა და კატანა (იაპონური ხმალი) ჩანს.
აიზექსონი აცხადებს, რომ თავის ახალ წიგნში, „ილონ მასკი” განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა მასკმა პერსონალის შემცირება. წიგნი მაღაზიების თაროებზე 12 სექტემბერს გამოჩნდება.
მასკმა თავისი პატარა სახლი ბოკა ჩიკაში პირველად 2021 წლის ივნისში გაასაჯაროვა. სახლი ააშენა სტარტაპ Boxabl-მა, რომელიც მოდულურ სახლებს აწარმოებს. ასეთი სახლების ტრანსპორტირება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, ხოლო კომუნიკაციების მონტაჟსა და სახლთან დაკავშირებას რამდენიმე საათი სჭირდება.
52 წლის ილონ მასკმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ხერხემლის ტიტანის ფირფიტის გასაძლიერებლად შესაძლოა, ქირურგიული ოპერაცია გაიკეთოს, რის გამოც მარკ ცუკერბერგთან ბრძოლა გადაიდოს. მან ეს განცხადება რამდენიმე საათში მას შემდეგ გააკეთა, რაც დააანონსა, რომ ბრძოლა პლატფორმა X-ზე (ყოფილTwitter-ზე) პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო შემოსავალი მთლიანად ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდებს გადაერიცხება.
ცნობისთვის: მასკმა ცუკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სახეობაში 21 ივნისს, მას შემდეგ გამოიწვია, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ Meta სოციალურ ქსელ Twitter-ის ანალოგს ავითარებდა. ცუკერბერგმა ეს გამოწვევა მიიღო და შერკინება შესაძლოა, იტალიის მთავრობის ორგანიზებით რომის კოლიზეუმში გაიმართოს.
მარკ ცუკერბერგი მზადაა, ილონ მასკს დღესაც შეებრძოლოს და დასძენს, რომ მასკს გისოსებში შერკინების თარიღად 26 აგვისტო შესთავაზა, თუმცა მას არ უპასუხია.
თავის მხრივ, ილონ მასკი წერს, რომ მარკ ცუკერბერგთან ბრძოლისთვის მომზადებას განაგრძობს.
„დღის განმავლობაში სიმძიმეებს ვწევ და ბრძოლისთვის ვემზადები. ვარჯიშის დრო არ მაქვს, ამიტომ ჰანტელები სამსახურში მივიტანე,“ - წერს მილიარდერი.
მან, ასევე, X-ის ოფისში, ამ სოციალური მედიის ახალი ფუნქციების დააანონსების დროს, თავისი ვარჯიშის ფოტოები გაასაჯაროვა. მასკი აღიარებს, რომ ცუკერბერგთან იმ შემთხვევაში წააგებს, თუკი ბრძოლა გახანგრძლივდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ