გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი ჰყავს. „ლაგუნა ვერესა“ და შპს „ნეო სითი დეველოპმენტს“ შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 7 აგვისტოს გაფორმდა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი“, რომელმაც „ლაგუნა ვერე“ შეისყიდა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ლაგუნა ვერეს“ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება.
"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს „ლაგუნა ვერეს“ განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს", - კომპანიის ტექსტს formulanews-ი ავრცელებს.
ლაგუნას ახალი მფლობელი კომპანია კი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული "ნეო სითი დეველოპმენტია", რომლის წილის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით ლაგუნასთან აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი არსებობდა, რომელიც მერიამ დაახარვეზა. იქამდე კი, „ლაგუნასთან“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავდა: საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს, შპს „კოსტავა 69“ გეგმავდა, რომელიც „ფონდი ქართუს“ მფლობელობაშია.
იქამდე კი არსებობდა თბილისის მერის განცხადება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ფონდი ლაგუნას მუნიციპალიტეტს გადასცემდა.