მინიმუმ, 81 რუსი ოლიგარქი, რომლებიც ჟურნალ Forbes-ის „200 უმდიდრესი რუსის“ რეიტინგში შედიან, რუსული არმიის მომარაგებაში ღიად მონაწილეობს. ამის შესახებ გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალაში წერია.
„პროექტის“ თანახმად, ამ ოლიგარქებიდან 80 ამჟამად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა, გამომძიებლებმა ისიც დაადგინეს, რომ უკრაინის მოკავშირე ყველა ქვეყნის სასანქციო სიაში მათგან მხოლოდ 14 ოლიგარქი არის შეტანილი, ხოლო 34 მხოლოდ უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.
რუსი ბიზნესმენები, რომლებიც ღიად ამარაგებენ რუსეთის ჯარს:
...და სხვები.
მხოლოდ ერთი ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი შეეწინააღმდეგა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას. მან უარი თქვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე, რის შემდეგაც დიდმა ბრიტანეთმა მას სანქციები მოუხსნა. თუმცა გამომძიებელი ჟურნალიტები წერენ, რომ ბიზნესმენმა ომის საწინააღმდეგო პოზიცია მხოლოდ უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გამოხატა, მანამდე კი, რუსეთში ყოფნისა და საქმიანობის დროს, ის პუტინს მხარდაჭერას უცხადებდა. კერძოდ, აცხადებდა, რომ სურს, პუტინი რუსეთის მმართველად და იმპერატორად უვადოდ იხილოს.
დანარჩენი რუსი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის არმიას აფინანსებენ, გამომძებელი ჟურნალიტების შეფასებით, „მიცვალებულის დუმილს ომის, თითქმის, წელიწადნახევრის განმავლობაში ინარჩუნებენ.”
„ამდენი ჩუმი ოლიგარქის საწარმოები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უზარმაზარი რაოდენობის საქონელსა და მომსახურებას აწვდიდნენ და დღემდე აწვდიან. მათ შორის არის უშუალოდ რაკეტების, ბომბებისა და ტყვიების წარმოებისთვის საჭირო საქონელი, რომლებიც უკრაინის სამოქალაქო პირებს კლავენ,“ - წერენ ჟურნალისტები.
მათი ცნობით, ღია კონტრაქტების ჯამური ოდენობა, რომელიც რუსმა ბიზნესმენებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2014 წლიდან 2023 წლამდე გააფორმეს, მინიმუმ, 220 მლრდ რუბლს შეადგენს. ამასთან, ჟურნალისტები 2014 წლიდან 2018 წლამდე საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას ეყრდნობიან და ხაზს უსვამენ, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტების კლასიფიკაცია დაიწყო, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა და კონტრაქტორების იდენტიფიცირება გართულდა.
„პროექტმა,“ ასევე, გაარკვია, თუ რითი ეხმარებიან რუსულ ჯარს აღნიშნული ბიზნესმენები. მაგალითად, ფუგასურ ავიაბომბ „ფაბ 500“-ში, რომელმაც მარიუპოლის დრამატული თეატრი გაანადგურა, ოლეგ დერიპასკას (En+Group) და ვიქტორ ვექსელბერგის („რენოვა“) მიერ მიწოდებული ალუმინის ფხვნილი არის გამოყენებული, ხოლო მაკომპლექტებლებით ავიაბომბს ამარაგებს კომპანია, რომლის მეწილეც ბიზნესმენი, ვლადიმერ ევტუშენკოვია (AFK Sistema).
„იმავე ევტუშენკოვის კომპანია აწვდის ალუმინის ჯავშანს სადესანტო საბრძოლო მანქანებს, საიდანაც რუსი სამხედროები ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდნენ,“ - წერენ ჟურნალისტები.
მათ გამოავლინეს, რომ ამ სადესანტო საბრძოლო მანქანებისთვის დეტალებისა და იარაღის მიწოდებაში, ასევე, მონაწილეობენ ბიზნესმენები, მიხაილ შელკოვი (VSMPO-Avisma), ევგენი ზუბიცკი (Cox Group), როტენბერგების ოჯახი და დიმიტრი მაზეპინი („ურალქიმი“). ეს უკანასკნელი, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის მწარმოებლებს ამიაკისა და ამონიუმის ნიტრატით ამარაგებს.
რუსულ არმიას სამხედრო აღჭურვილობის ტრანზისტორებს კომპანია, Angstrem აწვდის, ხოლო ელექტროძრავის გამშვებების გადმოტვირთვებს სს MEZ Uralelectro ეწევა. ორივე კომპანია ვიქტორ ევტუშენკოვის Sistema-ს ეკუთვნის. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, „არკანის“ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სვერდლოვის სახელობის ქარხანა აწარმოებს, რომელსაც ქიმიურ პროდუქტებს, ძირითადად, დიმიტრი მაზეპინის „ურალქიმი“ აწვდის. მაზეპინი Forbes-ის სიაში 150-ე ადგილზეა. თავის მხრივ, კომპანია „სიბური,“ რომელიც ლეონიდ მიხელსონს (Forbes-ის სიაში მე-5 ადგილი), გენადი ტიმჩენკოს (მე-6) და სხვა ბიზნესმენებს ეკუთვნით, ამ რაკეტების წარმოებას 2-ეთილჰექსანოლით (იზოოქტილური სპირტით) ამარაგებს. იმავე რაკეტებისთვის ალუმინის ფხვნილებს ვიქტორ ვეკსელბერგის (მე-20) და ოლეგ დერიპასკას (37-ე) კომპანია, Rusal Ural აწარმოებს.
რაც შეეხება რუსი სამხედროების მცირე შეიარაღებას, კონცერნ „კალაშნიკოვის“ თანამფლობელები 2017 წლის ბოლომდე ისკანდარ მახმუდოვი (Forbes-ის სიაში მე-19 ადგილი), ანდრეი ბოკარევი (59-ე ადგილი) და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსეი კრივორუჩკო იყვნენ. „კალაშნიკოვს“ ფოლადს ალექსეი მორდაშოვის Severstal, ხოლო მილების პროდუქციას დიმიტრი პუმპიანსკის მილების მეტალურგიული კომპანია აწვდის. ნაგლინ ტიტანს „კალაშნიკოვი“ მიხაილ შელკოვის avisma-სგან ყიდულობს.
უკრაინის ომში რუსული არმიის სამხედრო აღჭურვილობის სადაზღვევო მომსახურებას იური კოვალჩუკის კომპანია, „სოგაზი,“ ასევე, მიხაილ ფრიდმანის, გერმან ხანის, ალექსეი კუზმიჩევის, პეტრ ავენისა და ანდრეი კოსოგოვის „ალფასტრახოვანიე“ ეწევა. „ალფასტრახოვანიეს“ 65 სამხედრო ნაწილის, ასევე, ეროვნულ გვარდიასთან და თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ავტომობილები აქვს დაზღვეული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ