რამდენი დახარჯა "ქართულმა ოცნებამ" რთველის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ

"ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით, რომ მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეთ ჩაუბარებელი," - ეს ციტატა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიასია, რომელმაც ხალხს 2023 წლის რთველის სუბსიდირების დეტალები გააცნო.

მართალია, გასაცემი თანხა შემცირდა და წინა წელს 1 კგ-ზე თუ 35 თეთრს შეადგენდა, წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრი იქნება, მაგრამ მოჯადოვებული წრე ვერ სრულდება და მთავრობა ამ დარგში სუბსიდიის საჭიროებაზე კვლავ საუბრობს.

2022 წლის რეკორდულ თანხასთან, 150 მილიონ ლართან შედარებით, 2023 წელს გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად ნაკლები, 50 მილიონია, თუმცა ეს არა ხელისუფლების პოლიტიკის, არამედ იმის შედეგია, რომ, როგორც ოთარ შამუგია ამბობს, "წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან, ვინაიდან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე."

წელს ყველა ის საწარმო, რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს და გადაამუშავებს, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ 1 კგ ყურძენზე გადაიხდის არანაკლებ 90 თეთრს.

სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში 2008 წლიდან, რუსული ემბარგოს პერიოდში იწყება, თუმცა ამ პერიოდში გამოყოფილი თანხა შედარებით მცირე იყო.

ვითარება რადიკალურად იცვლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მაგალითად, თუ 2011 წელს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 8.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2012-ში ამ თანხამ 47 მილიონი შეადგინა.

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ირკვევა, საერთო ჯამში, 2012-2016 წლებში რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით, საერთო ჯამში, 206 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

2012-2016 წლებში გამოყოფილი სახსრები:

  • 2012 – 47 მლნ;
  • 2013 – 32 მლნ;
  • 2014 – 31 მლნ;
  • 2015 – 60.7 მლნ;
  • 2016 – 36 მლნ.

2017 წელს მთავრობამ მიდგომა შეცვალა და რთველმა მასიური სუბსიდირების გარეშე ჩაიარა. მიზეზად კი ექსპორტისა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა დასახელდა. კახეთის რეგიონში რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცა.

მიუხედავად ამისა, ამ წელს კომპანიებმა, რომლებმაც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელი და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენი არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრი მიიღეს. სუბსიდია შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1კგ-ზე 2 ლარი).

2017 წლის ბიუჯეტის ანგარიშის ასიგნებებში სუბსიდირებაზე დახარჯული თანხის ოდენობა აღნიშნული არაა, თუმცა, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) თანახმად, ამ თანხამ 13.6 მილიონი ლარი შეადგინა.

2018 წელს მთავრობამ პირდაპირი სუბსიდირების სრულად შეწყვეტა 2008 წლის შემდეგ პირველად გადაწყვიტა. თუმცა არაპირდაპირი სუბსიდირება მაინც გაგრძელდა - მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად საჭირო ღონისძიებების გატარება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ დაევალა. კომპანიას მოუწია ბაზარზე კერძო კომპანიების შესყიდვების შემდეგ დარჩენილი ყურძნის შესყიდვა.

ISET-ის თანახმად, ამ შესყიდვის განსახორციელებლად, შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს 10 მილიონ ლარიანი პროექტი დაამტკიცა. 2019 წელსაც მთავრობამ სექტორი „აკურას“ გავლით დაასუბსიდირა და 80 მილიონი ლარი დახარჯა ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე.

2020 წელს, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით, მთავრობამ სუბსიდირება განაახლა.

2017-2022 წლების სტატისტიკა შემდეგნაირია:

  • 2017 – 13.6 მლნ;
  • 2018 – 10 მლნ (არაპირდაპირი სუბსიდირება);
  • 2019 – 80 მლნ (არაპირდაპირი სუბსიდირება);
  • 2020 – 104.3 მლნ;
  • 2021 – 144.7 მლნ;
  • 2022 – 150 მლნ.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, 2012-2022 წლებში, ქართული ოცნების მიერ რთველის ხელშეწყობისთვის, მათ შორის, ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა (პირდაპირი თუ არაპირდაპირი სუბსიდია), საერთო ჯამში, 700 მილიონ ლარს აღემატება.

სუბსიდირების პროგრამით ყურძენს ყიდულობს მთავრობაც და მის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით არსებობს პოზიტიური მოსაზრებები, რომელთა თანახმადაც, მან შეიძლება დადებითად იმოქმედოს საწარმოს საქმიანობაზე, გაზარდოს საქონლის მიწოდება, შეამციროს მისი ფასი და გახადოს ის უფრო ხელმისაწვდომი, ქვეყნის მეღვინეობის სექტორში თითქმის ყველა თანხმდება, რომ ამ პრაქტიკას სექტორზე უარყოფითი გავლენა აქვს.

სუბსიდირების შედეგად კონკრეტული სექტორი თუ რეგიონი უპირატეს მდგომარეობაშია სხვებთან შედარებით, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის და ინვესტიციები არაეფექტიანად ნაწილდება - ის სექტორი, რომელიც სუბსიდიით სარგებლობს, მწარმოებლებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.

სუბსიდირება ჭარბი წარმოების გამომწვევიცაა, როდესაც ფერმერმა იცის, რომ მისი მოსავალი გაუყიდავი არ დარჩება, ის აღარ ზრუნავს ხარისხზე და აწარმოებს საჭიროზე მეტ ყურძენს, ამ უხარისხო ყურძნის ჩაბარება კი შემდეგ სახელმწიფო კომპანიებს უწევთ, რომლისგანაც ისინი სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებენ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდიან.

სუბსიდირების შეწყვეტა, განსაკუთრებით არჩევნების წინ, პოლიტიკურად არაპოპულარული გადაწყვეტილებაა და სწორედ ამიტომ აგრძელებს მთავრობა ბიუჯეტიდან თანხის მსუყედ ხარჯვას ამ მიმართულებით, მიუხედავად მისი უარყოფითი შედეგებისა.

კახი ჩაკვეტაძე