„ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი ფონდ „ქართუსგან“ „ნეო სითი დეველოპმენტმა" შეიძინა. კომპანია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კიდევ რა ქონება ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ვერულაშვილის საკუთრებაში ნაწილობრივ, ან მთლიანად 12 კომპანიაა. გთავაზობთ ჩამონათვალს:
სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრის მიხედვით მარიკა ვერულაშვილია კახეთის ფრენბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეც.
ვერულაშვილი გახლდათ 2008-2012 წლებში - საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში კი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
სწორედ მეორე ვადის ამოწურვის ბოლოს 2016 წლის მაისში აქვს შევსებული დეკლარაცია უკანასკნელად, რომლის მიხედვითაც ვერულაშვილი ფლობდა ბინას, საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთს თბილისში, ასევე ავტოფარეხს. ბინას დუშეთის რაიონში. ვენახს, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ყვარლის რაიონში.
სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, ან კომპანიის წილები იმ დროისათვის დეპუტატის სახელზე არ იძებნება.