2023 წლის I ნახევარში, ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა - 582,500 ვიზიტორი, რაც 2019 წლის I ნახევართან შედარებით 16.6%-ით მეტია. თურქეთს მოჰყვა რუსეთი 577,600 ვიზიტით, რაც 16.5%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს - კვლევას pmcg აქვეყნებს.
კვლევითი ცენტრის ცნობით, მიუხედავად რაოდენობისა, 2023 წლის I ნახევარში, რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ყველაზე მაღალი იყო და 482.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 38.4%, ბელარუსის მოქალაქეების 34.9% და უკრაინის მოქალაქეების 28.0% შეფასებულია 1 წელზე მეტი ვადით მყოფად, ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, ისინი განიხილებიან საქართველოს რეზიდენტებად და მათი დანახარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის გამოთვლებში არ შედის.
10 უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს შორის, ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა ბელარუსიდან (2019 წლის I ნახევრის შესაბამის მაჩვენებელზე 127.0%-ით მეტი), ყაზახეთიდან (73.6%) და ისრაელიდან (38.1%). მეორე მხრივ, აღდგენა ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანში (პანდემიამდელი მაჩვენებლის 13.5%), სომხეთსა (74.8%) და ირანში (83.0%)
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, რუსეთს მოსდევს თურქეთი (მთლიანი შემოსავლის 14,6%), საიდანაც შემოსავლები 39.5%-ით გაიზარდა 2019 წლის I ნახევართან შედარებით. მესამე ადგილზეა ევროკავშირი, რომელმაც, მიუხედავად ვიზიტორთა რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენისა, პანდემიამდე მაჩვენებელს 14.4%-ით გადააჭარბა და მთლიანი შემოსავლის 12.0% შეადგინა.
PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2023 წლის I ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია 2.5 მილიონს, რაც პანდემიამდელი რაოდენობის 78.3%-ს უტოლდება, თუმცა წინა წლის მაჩვენებელს 75.7%-ით აღემატება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ნელი ტემპით აღდგენა შეიძლება გამოწვეული იყოს საქართველოს ტურიზმის სექტორში რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გეოპოლიტიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გაგრძელებით.
ორგანიზაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა მიაღწია 1.8 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 24%-ით აღემატება 2019 წლის I ნახევრის მაჩვენებელს.