წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 76.8%-ით გაიზარდა - სად გაიცა ყველაზე მეტი ნებართვა

2023 წლის პირველ 7 თვეში მშენებლობის ნებართვების გაცემა წლიურად 76.8%-ით გაიზარდა, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან. თუ ეს ტრაექტორია შენარჩუნდება, მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასებსა და იჯარის განაკვეთებზე დაღმავალი ზეწოლა საშუალოვადიან პერიოდში, რაც გამოწვეული იქნება ბაზარზე ჭარბი მიწოდებით - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში წერია.

ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემულია საბურთალოზე, შემდეგ დიდ დიღომსა და ისანში. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვეში ისნის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში გაცემული სამშენებლო ნებართვების მნიშვნელოვანი მატებაა.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7% და თვიურად 7.2%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც წინა პერიოდების მაღალი ბაზაა. აღსანიშნავია რომ, გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე (+13.9% წ/წ) და შემცირდა მეორად ბაზარზე (- 13.5% წ/წ ახალ პროექტებში და -18.8% წ/წ ძველ პროექტებში). საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცირე კლებისა, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება.

2023 წლის ივლისში წლიური გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში (საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა), ხოლო გარეუბნებში, სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში, გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) წილის ზრდა და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) მზარდი მიმზიდველობა.

რაც შეეხება ფასებს, 2023 წლის ივლისში ფასები პირველად ბაზარზე წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. ფასები ასევე გაიზარდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე 2.7%-ით წინა თვესთან შედარებით. ამისგან განსხვავებით, ფასები თვიურად 4.6%-ით შემცირდა მეორადი ბაზრის ახალ ბინებზე, რაც განაპირობა ფასების კლებამ საბურთალოზე, გლდანსა და ისანში (მეორად ბაზარზე ახალი ბინების მთლიანი გაყიდვების 39.4%).

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში ორგანიზაცია წერს, რომ 2023 წლის ივლისში უძრავი ქონების ქირა თვიურად 3.4%-ით გაიზარდა, რამაც თბილისის უძრავ ქონებას საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო შემატა.

sde-1692340188.png

თამარ მუკბანიანი