საქართველოს პოლიტიკოსების ქონება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს პოლიტიკოსი პრეზიდენტია.
რა ქონებას ფლობდნენ ქვეყნის პირველი პირები უწინ და რომელი პრეზიდენტი ხარჯავს საკუთარ ხელფასს ქველმოქმედებაში, „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ამ კითხვებზე პასუხები მაქსიმალურად გაეცა: (სტატიაში გამოყენებულია პრეზიდენტების მიერ ვადის ამოწურვის წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციები)
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს მე-2 პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო 1995 წლის 26 მაისი – 2003 წლის 23 ნოემბერი
2003 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი სახელმწიფოს ეკუთვნის. „ვცხოვრობ სახლში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის“ - წერია დოკუმენტში.
იმავე პერიოდის მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის სხვადასხვა დროს 20 273 ამერიკული დოლარის ანაბარიც უფიქსირდება სს „საქართველოს ბანკში“, რომლის დახურვის თარიღად 2002 წლის 2 დეკემბერია მითითებული.
შევარდნაძის დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურება, რომელიც 888 დოლარს შეადგენს, ხდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიწვეული მხარის მიერ.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი. თანამდებობაზე ყოფნის დრო (მეორე ვადით) - 2008 წლის 20 იანვარი –2013 წლის 17 ნოემბერი
მიხეილ სააკაშვილის სახელზე ფიქსირდება მიწის ნაკვეთები ყვარელში, რომელთა საერთო ფართობიც 19103 კვ.მ.-ია, ასევე საცხოვრებელი სახლი ქალაქ ყვარელში 97 კვ. მ. ფართობით, მიწის ნაკვეთი ყაზბეგში 500 კვ. მ. ფართის ოდენობით.
ჯამში, სააკაშვილის მიერ მიწის ნაკვეთებში გადახდილი თანხა 104 920 ლარს შეადგენს.
მიხეილ სააკაშვილის დეკლარაცია 2013 წელს არის შევსებული.
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი. თანამდებობაზე ყოფნის დრო - 2013 წლის 17 ნოემბერი – 2018 წლის 16 დეკემბერი
დეკლარაციიის მიხედვით, მარგველაშვილის სახელზე ფიქსირდება დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე შეძენილი მიწის ნაკვეთი 4 462 კვ. მ. ფართობის, რომელშიც 2004 წელს 11 000 დოლარი გადაიხადა.
იმავე 2004 წელს, დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე 200 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი, 2 500 დოლარად.
2009 წელს, 3 000 დოლარად შეიძინა 120 კვ. მ. ფართობის ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე.
2016 წელს კი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე 40 კვ. მ. ფართობის სახლი 10 000 ლარად.
გიორგი მარგველაშვილის დეკლარაცია 2019 წელს არის შევსებული.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, ამჟამინდელი, თანამდებობა დაიკავა 2018 წლის 16 დეკემბერს
სალომე ზურაბიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 1989 წელს 150 000 ევროდ შეიძინა 60 კვ. მ. ფართობის ბინა პარიზში.
2006 წელს, თბილისში, კეფტინის ქუჩაზე მან შეიძინა 235 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი, 160 000 დოლარად.
სალომე ზურაბიშვილის სახელზე ფიქსირდება ანაბარი „საქართველოს ბანკში“ 30 000 დოლარის ოდენობით.
საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის დაგროვებითი პენსიის ოდენობა 34 093 ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი არ იღებს ხელფასს და მას სრულად საქველმოქმედო ფონდში რიცხავს, რომლის ჯამური ოდენობა 40 000 ლარით განისაზღვრება. სხვადასხვა სახის ქველმოქმედებაში სალომე ზურაბიშვილს 17 130 ლარი აქვს გაღებული.
სალომე ზურაბიშვილის დეკლარაცია 2023 წლის 26 იანვარს არის შესებული.
რაც შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქონებას, მასზე არც ისე ბევრი ინფორმაცია მოიპოვება. არსებობს ანდერძი, სადაც თავის კუთვნილ უძრავ ქონებას - თბილისში, გალის ქუჩაზე მდებარე სახლს და გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში მდებარე აგარაკს, ის თავის ორ შვილს - ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს უტოვებს.
“მე, ზვიადი კონსტანტინეს ძე გამსახურდია – ვიძლევი განკარგულებას: მთელ ჩემ ქონებას, რომელიც ჩემი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება ჩემი კუთვნილი, რისგანაც უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ასეთი, მათ შორის სახლს მდებარეს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში და აგარაკს მდებარეს გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში ნოზაძის ქ. №17-ში ვუანდერძებ თანაბარ წილად ჩემს შვილებს: ცოტნე ზვიადის ძე გამსახურდიას, მცხოვრებს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში და გიორგი ზვიადის ძე გამსახურდიას, მცხოვრებს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში”.
ანდერძი შედგენილია 1988 წლის 5 მარტს და დამოწმებულია მე-5 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის გ.ა. კუხალეიშვილის მიერ.
1999 წლის 15 ივნისს ანდერძი კიდევ ერთხელ არის დამოწმებული.