პროცესორების მწარმოებელი ამერიკული Nvidia Corp.-ის წმინდა მოგება გასულ ფისკალურ კვარტალში თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. ამასთან, გაორმაგდა შემოსავლები, რადგან მოთხოვნა ჩიპებზე, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებაში, გაიზარდა.
მაჩვენებლები კომპანიის ისტორიაში რეკორდული აღმოჩნდა და საგრძნობლად გადააჭარბა ბაზრის მოლოდინს. Nvidia-მ ასევე გამოაქვეყნა ოპტიმისტური პერსპექტივა მესამე კვარტლისთვის.
კომპანიის შემოსავალმა მეორე ფინანსურ კვარტალში, რომელიც 31 ივლისს დასრულდა, შეადგინა 13,51 მილიარდი აშშ დოლარი, წინა წლის 6,7 მილიარდ დოლართან შედარებით.
ხოლო წმინდა მოგებამ 6,19 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 656 მილიონი დოლარი ჰქონდა.
როგორც კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა აღნიშნა, დიდი მოთხოვნა ფიქსირდება HGX პლატფორმაზე, რომელიც გამოიყენება „ძირითადად დიდი ენის მოდელების შემუშავებაში და ხელოვნური ინტელექტის გენერაციაში“.
შედეგად, კომპანიამ მკვეთრად გაზარდა რენტაბელურობა 71.2%-მდე ერთი წლის წინანდელი 45.9%-დან.
კომპანიის პროგნოზით, მესამე ფინანსურ კვარტალში მისი შემოსავალი 15,68-16,32 მილიარდი დოლარი იქნება.
ამასთან, Nvidia-ს მენეჯმენტმა დაამტკიცა 25 მილიარდი დოლარის საკუთარი აქციების გამოსყიდვის ახალი პროგრამა, მაშინ როცა წინა პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯერ კიდევ დარჩა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი საკუთარი აქციების დასაბრუნებლად.
2023 წლის დასაწყისიდან Nvidia-ს კაპიტალიზაცია 3,2-ჯერ გაიზარდა და 1,13 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით იგი მეხუთე ადგილზეა ყველა ამერიკულ კომპანიას შორის.