2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში გაზის იმპორტი წლიურად 18%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ მიმდინარე გასული წლის 7 თვეში ქვეყანამ 237.331 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, წელს იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 280.423 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო გაზს მხოლოდ 2 ქვეყნიდან - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, წელს რუსეთიდან იმპორტი 154.6%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან კი 4%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთში 83.541 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 32.809 მლნ დოლარის. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ იმპორტი 204.522 მლნ დოლარიდან 196.881 მლნ დოლარამდე შემცირდა.
მიუხედავად რუსეთიდან ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი რჩება. მას მთლიან იმპორტში 70.2% უკავია. თუმცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.
რა გახდა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შემცირებისა და რუსეთიდან ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ მუშაობს და ოფიციალური სტრუქტურების კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.