რუსეთმა 2022-2023 სოფლის მეურნეობის სეზონზე ექსპორტზე 802 ათასი ტონა ფქვილი გაიტანა, რაც 64% მეტია წინა სეზონის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ბარნაულში მიმდინარე ფორუმზე "Зерно Сибири" ანალიტიკური ცენტრის Прозерно-ს გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ პეტრიჩენკომ განაცხადა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ, რომელიც შეიძლება განმეორდეს 2023-2024 წლების სეზონზეც.
„გასულ სეზონში 800 ათას ტონაზე მეტი ფქვილი გავიტანეთ. ამ სეზონზე უკვე გვაქვს ივლის-აგვისტოს მიახლოებითი მონაცემები, იგივე გრაფიკს ვიცავთ, როგორც გასულ სეზონში. ამიტომ შესაძლოა, 700-800 ათასი ტონა მივიღოთ“, - განაცხადა პეტრიჩენკომ.
მისი პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ გასულ სეზონში ექსპორტირებულია 802 ათასი ტონა ფქვილი, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდულია. შედარებისთვის 2021-2022 წლების სეზონში რუსეთმა 489 ათასი ტონა ფქვილი გაიტანა.
პეტრიჩენკომ დასძინა, რომ 2022 წელს რუსეთში ფქვილის წარმოება 9,06 მილიონიდან 9,47 მილიონ ტონამდე გაიზარდა. „ვფიქრობ, 2023 კალენდარულ წელს დაახლოებით იგივე იქნება - სადღაც 9,4 მილიონი ტონა ფქვილი“, - განაცხადა მან.
პეტრიჩენკოს თქმით, 2022-2023 წლებში ფქვილის ექსპორტის მთლიან მოცულობაში 24% მოდის ერაყზე (ზრდა თითქმის გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით), საქართველოზე - 23%, ჩინეთზე - 4%-დან 8%-მდე გაიზარდა, თურქეთზე კი პირიქით, შემცირდა 8%-დან 4%-მდე.