„ინდოელ ტურისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, აქვთ შემოსავალი, კარგი ვიზები და ა.შ. გაურკვეველი მიზეზის გამო, არ უშვებდნენ საქართველოში“

„ინდოელ ტურისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, მათ შორის, აქვთ შემოსავალი, კარგი ვიზები, სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია და ა.შ. გაურკვეველი მიზეზის გამო, არც ეუბნებიან რატომ, უბრალოდ არ უშვებდნენ საქართველოში“, - ამის შესახებ INN Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ გადაცემა „ბიზნესპალიტრაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს საქართველოს ვიზიტორები ახალი ბაზრებიდან, ჩინეთიდან და ტაილანდიდან დაემატა, თუმცა იყო გარკვეული შეფერხებები, რაც აზიიდან ტურისტების მოზიდვას სამომავლოდაც ხელს შეუშლის.

„წლევანდელი წელი ცოტა განსხვავებული იყო იმით, რომ დაგვემატა ახალი ბაზრები, ეს არის ტაილანდი და ჩინეთი. იმედია, რომ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აზიიდან, ეს ტენდენცია გაგრძელდება. საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით და დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები. აზია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონტინგენტი, სადაც ძალიან ბევრი დამსვენებელია და საქართველოს პოტენციალი, რომ ეს ბაზრები მოიზიდოს, რა თქმა უნდა, დიდია. იყვნენ როგორც საშუალობიუჯეტიანი, ასევე მაღალმხარჯველუნარიანები. თითოეული სეგმენტი არის ყველა ქვეყანაში.

ყველაზე კარგი მაჩვენებელი - ეს არის რაოდენობა, საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი სასტუმროა, განთავსების ობიექტია, აუცილებელია, რომ ეს დიდი ბაზრები მოვიზიდოთ და ჩინეთი იქნება ეს, ტაილანდი, კორეა, თუ ინდოეთი, თუნდაც პატარა ნაწილი რომ წამოვიყვანოთ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდია. შესაბამისად, ბაზრების დივერსიფიკაცია, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ და მიდის ამაზე მუშაობა, საკმაოდ კარგ შედეგს გვიჩვენებს მომავალში.

იმისთვის, რომ ამ ბაზრებიდან ხალხის მოზიდვა გაგრძელდეს და უფრო გაუმჯობესდეს ეს მაჩვენებელი, უნდა დაემატოს ერთის მხრივ ჩარტერული რეისები და მეორეს მხრივ საქართველოში შემოსვლა არ უნდა იყოს გაურკვეველი პროცედურა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ აქვთ ვიზა და ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული, პრობლემა არ შეექმნება საზღვარზე. სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული ცუდი გამოცდილება ამ მიმართულებით.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჯერჯერობით არსებობს ბაზარზე, მაგალითად, ინდოელი ტურისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, მათ შორის, აქვთ შემოსავალი, კარგი ვიზები, სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია და ა.შ. გაურკვეველი მიზეზის გამო, არც ეუბნებიან რატომ, უბრალოდ არ უშვებდნენ საქართველოში, საზღვარს არ აკვეთინებდნენ. ეს რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნიდა და კარგი იქნება თუ ეს პრობლემა მოგვარდება. იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ, ისინი ითხოვენ გარკვეულ გარანტიას, რომ - ტყუილად არ ჩამოვალ და აეროპორტიდან უკან არ გამაბრუნებ, მაშინ როდესაც ყველანაირად ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს, რომ ვიყო კარგი ტურისტი“,- განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

ნინი ქეთელაური