განადგურებული ვენახები, ბაღები, ბოსტნები, მოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერები - ეს ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგებია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენ ფერმერს აქვს სტიქიური მოვლენების დროს სეტყვისგან დამცავი ბადეები. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლიდან 2023 წლის 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ 19 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მევენახემ ლაშა ხიზანიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მომხმარებლები ცოტაა, რადგან სოფელში მცხოვრებ გლეხს არ აქვს მათი შეძენის შესაძლებლობა.
„სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობაა, რომ ფერმერებმა დაიცვან მოსავალი, მაგრამ ისეთი სიძლიერის სეტყვა წარმოუდგენელი იყო. 1 სეტყვის დიამეტრი 6 სმ-ზე მეტი იყო და მას ეს ბადეები რამდენად გაუძლებდა პრაქტიკაში არ ვიცი, მაგრამ დასაცავად მაინც კარგი საშუალებაა. თუმცა, მომხმარებლები ძალიან ცოტა არიან. სოფელში მცხოვრებ გლეხს, რომელსაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, არ აქვს დანაზოგი, ისინი ვერ შეძლებენ ბადეების შეძენას, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დასამონტაჟებლად შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობაა ვენახში საჭირო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ალბათ, ისევ სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა იქნება საჭირო, რომ გლეხებს ჰქონდეთ წვდომა ასეთ ბადეებზე,“- განაცხადა ხიზანიშვილმა.