ხევსურეთის 10-მდე სოფლის მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ამის მიზეზი კი წლობით უშუქოდ ცხოვრებაა.
მართალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა, ხევსურეთის რამდენიმე სოფელს რომ ელექტროენერგია ჰქონოდა, თუმცა, სოფლებში აშენებული მცირე ჰესები ხშირად მწყობრიდან გამოდის და მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ ეკონომიკის მინისტრს მიმართა კითხვით, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ხევსურეთის მოსახლეობისთვის უშუქობის პრობლემის გადაჭრისთვის.
კერძოდ, დეპუტატის ცნობით, ხევსურეთის 29 სოფელში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე, ლამფის შუქზე ცხოვრობს. სოფელ როშკასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის 45 სოფლიდან დენით მხოლოდ 16 სოფელია უზრუნველყოფილი. ისინი არც მზის პანელებით არიან უზრუნველყოფილნი. ამის გამო მოსახლეობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს, ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს და ძალიან ცოტა ოჯახი რჩება ხევსურეთში.
თეონა აქუბარდიას სადეპუტატო კითხვის პასუხად, სამინისტროში აცხადებენ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საკუთარი რესურსით ახორციელებს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალ შესწავლას და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო.
„საქართველოში ელექტროენერგიის ქსელთან წვდომის გარეშე დარჩენილი დასახლებების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განხორციელდა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში: 2012-2013 წლებში USAID-მა განახორციელა 4 სოფლის ელექტრიფიცირების სამუშაოები; 2013-2016წწ ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებით პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში 29 უშუქო სოფელი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში; ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური; 2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებით განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა; 2019 წელს USAID ენერგეტიკის პროგრამამ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოახდინა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის აღწერა, გამოავლინა 760 ასეთი ოჯახი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების შედეგად 207 მუდმივად მცხოვრებ ოჯახს დაუმონტაჟდა 1 500 ვატის სიმძლავრის მზის პანელები შესაბამისი აღჭურვილობით.
მოცემულ ეტაპზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საკუთარი რესურსით ახორციელებს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალ შესწავლას, რაც, მათ შორის, მოიცავს ხევსურეთსაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგება განახლებული სია და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ღონისძიებების შეიძლება გატარდეს უშუქოდ დარჩენილი ოჯახებისათვის ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, განისაზღვრება დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფოს როლი ამ ღონისძიებების გატარებაში,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.