რუსულმა VEB Capital-მა, რომელიც VEB.RF-ის შვილობილი კომპანიაა, აუქციონზე გაიტანა შპს Grand Hotel Sokhum 2-ის საკუთრების უფლება, რომლის ბალანსზეც აფხაზეთში ამავე სახელწოდების სასტუმრო კომპლექსია. ინფორმაციას გაზეთი „ვედომოსტი“ ავრცელებს.
VEB.RF, ანუ „ვნეშეკონომბანკი“ რუსეთის განვითარებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც კომერციულ ბანკებთან პარტნიორობით მასშტაბურ პროექტებს აფინანსებს.
Grand Hotel Sokhum-ზე ვაჭრობის დაწყება 10 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ლოტის საწყისი ფასი 432 მლნ რუბლია (4,5 მლნ დოლარია). აუქციონი ფასის შემცირების მიზნით გაიმართება. სასტუმროს მინიმალური ფასი 212 მლნ რუბლია (2,2 მლნ დოლარია).
Grand Hotel Sokhum 42-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსია სოხუმის სანაპიროზე, რომლის საერთო ფართობიც, დაახლოებით, 3 ათასი კვადრატული მეტრია. ის 2020 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში ორი წლის შემდეგ შევიდა.
2015 წელს სასტუმრო „ვნეშეკონომბანკის“ ერთ-ერთი აფხაზური საინვესტიციო პროექტი გახდა, რომლის ღირებულებამაც 1,2 მლრდ რუბლი (12,7 მლნ დოლარი) შეადგინა. მისი დაკრედიტების პროგრამაში VEB-თან ერთად, ასევე, მონაწილეობდა ჯემის მწარმოებელი საწარმო, „აფხაზური ბაღები,“ სასათბურე მეურნეობა, „კინდიგ-აგრო,“ ნახევარფაბრიკატებისა და მაკარონის მწარმოებელი ქარხანა, „ზოდიაკი“ და სხვ. სასტუმროს ასაშენებლად 182,4 მლნ რუბლის (2 მლნ დოლარამდე) გამოყოფა დაიგეგმა, საიდანაც 130 მლნ რუბლი (1,4 მლნ დოლარი) სესხი, ხოლო 52,4 მლნ რუბლი (554,758 დოლარი) საკუთარი სახსრები უნდა ყოფილიყო.
მიმდინარე წლის დასაწყისში VEB Capital-მა შპს Grand Hotel Sokhum 2-დან 371,9 მლნ რუბლის (4 მლნ დოლარამდე) ამოღების მიზნით მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, სასტუმროს და შპს Grand Hotel Sokhum 2-ის აფხაზ მფლობელს, მეწარმე ოთარ კაკალიას არც აუქციონის და არც მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის რუსული ბანკის მიმართვის შესახებ არავინ არაფერი შეატყობინა. თავად კაკალია აქტივებს არ ყიდის და აუქციონს „რუსული ბანკის მორიგ თაღლითურ სქემას“ უწოდებს.
„მოსკოვში არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თაღლითური სქემით აფხაზურ ქონებას დაეუფლება და საკუთრების უფლების გადასაცემად აქ ყვავილებით დახვდებიან,“ - აცხადებს ოთარ კაკალია.
მისი თქმით, რუსული კრედიტორი ბანკის განზრახვა იყო, მთელი ეს წლები ადგილობრივი მესაკუთრეები ლამაზი ობიექტის ასაშენებლად გამოეყენებინა, რომლებსაც მშენებლობის რაღაც მომენტში დაფინანსება შეუწყვიტა. შემდეგ მენეჯმენტში ბანკის დანიშნულმა თანამშრომლებმა გაცემული სესხის ნახევარი მოიპარეს, რითიც მესაკუთრეებს შეგნებულად შეუქმნეს პრობლემები, ახლა კი ობიექტის აუქციონზე გაყიდვას ცდილობენ.
„უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა რუსული ბანკის მიერ აფხაზური ბიზნესის მხარდასაჭერად არ იყო მიმართული. ეს სხვა არაფერია, თუ არა მზა აფხაზური ბიზნესის რეიდული წართმევის მცდელობა. ასეთი რამ აფხაზეთის ისტორიაში არასდროს მომხდარა,“ - აცხადებს კაკალია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ