კომპანია Sony-მ იაპონიაში თავისი ERS-1000 Aibo-ს რობოტი ძაღლებისთვის, რომლებიც ყოფილ მეპატრონეებს აღარ სჭირდებთ, „მეურვეობის“ პროგრამა წამოიწყო. ინფორმაციას The Verge ავრცელებს.
კომპანიამ ERS-1000 Aibo-ს მოწყობილობები ბაზარზე 5 წლის წინ წარადგინა, რაც 1990-იანი წლების ბოლოს პოპულარული რობოტი ძაღლების საწარმოო ხაზის ხელახლა ჩაშვების ნაწილი იყო. ამჟამად Sony-ს იაპონური ფილიალი „Aibo-ს მეურვის“ პროგრამას იწყებს.
კერძოდ, ელექტრონული შინაური ცხოველების მფლობელებს, რომლებსაც აღარ სჭირდებათ რობოტი ძაღლები, შეუძლიათ, ისინი კომპანიას დაუბრუნონ. თავის მხრივ, Sony მათ იაპონიის სამედიცინო დაწესებულებებში, მოხუცთა სახლებსა და სხვა სოციალურ ორგანიზაციებში გაგზავნის, რომლის მკვიდრებსაც რობოტი ძაღლები შესაძლოა, ემოციური მხარდაჭერისთვის დასჭირდეთ.
სანამ რობოტ ძაღლებს ახალ მეპატრონეებს გაუგზავნიან, Sony-ს სპეციალისტები მოწყობილობებს შეამოწმებენ და შეაკეთებენ. კომპანია გეგმავს, Aibo-ს მეურვეებს ელექტრონული შინაური ცხოველების „აყვანის“ საფასური დააკისროს. თანხის ნაწილი სხვა რობოტი ძაღლების მოვლა-შეკეთებასა და პროგრამის განვითარებას მოხმარდება. მომსახურების ღირებულება ჯერ არ სახელდება.
The Verge წერს, რომ Aibo-ს რობოტი მხოლოდ ემოციური მხარდაჭერის მოწყობილობის სახით რეკლამირებული არასდროს ყოფილა, თუმცა ამ მიზნით მისი გამოყენება მართლაც შესაძლებელია.
ERS-1000-ის ძაღლები ხმასა და შეხებაზე სპეციალური ტაქტილური (შეხებითი) სენსორებით რეაგირებენ. ისინი ცხვირის კამერით არიან აღჭურვილი, რომელიც რობოტს „ოჯახის წევრების“ ამოცნობაში ეხმარება. მოწყობილობა შესაძლოა, იმ პირებსაც გამოადგეს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ნამდვილი ძაღლის ყოლა არ შეუძლიათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ