მსოფლიო ბაზარზე საწვავი გაძვირებას განაგრძობს. დღეს, თბილისის დროით 10:30 საათისთვის ნოემბრის ფიუჩერსები Brent-ის ტიპის საწვავზე 94,63 დოლარამდე გაიზარდა, ეს კი თითქმის 4 დოლარით მეტია ერთი კვირის წინ დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე - 11 სექტემბერს ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 90,40 დოლარად ივაჭრებოდა.
მოიმატა ფასმა ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. ოქტომბრის ფიუჩერსები WTI-ის ტიპის საწვავზე 91,55 დოლარამდე გაიზარდა. ერთი კვირის წინ კი მისი ღირებულება 87 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნია, რომ რამდენიმე თვის წინ, ივნისში Brent-ის ღირებულება წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, 71 დოლარის ფარგლებში იყო, მაგრამ გაძვირება მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა. 12 ივნისის შემდეგ მისმა ფასმა 30%-ზე მეტით მოიმატა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი ზრდამ თითქმის 10%-ს გადააჭარბა.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გარკვეულწილად უკავშირდება საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც 2023 წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება ნებაყოფლობით 1 მლნ ბარელამდე შეამცირა. ეს კი აჩენს შეშფოთებას ბაზარზე მიწოდების დეფიციტთან დაკავშირებით, ხოლო მოთხოვნის პერსპექტივა სულ უფრო იზრდება, რადგან აშშ-ს რეცესიის ალბათობა მცირდება.
„ტრეიდერების ყურადღება ამ კვირაში გადაინაცვლებს ფედერალური სარეზერვო სხდომაზე, მაგრამ ნავთობის მიწოდების დეფიციტის და მარაგების კლების მზარდი პრობლემა ხელს უწყობს ბაზარზე ამაღლებულ განწყობას“, - განაცხადა Vanda Insights-ის დამფუძნებელმა ვანდანა ჰარიმ.