„სეტყვის საწინააღმდეგო ბადით 1 ჰექტარი ვენახის გადაფარვა 13-15 ათას ლარამდე ჯდება - ფერმერები სახელმწიფო დაფინანსების ზრდას ითხოვენ“

გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად სექტემბრის პირველ კვირაშიც განადგურდა - ვენახები, ბაღები, ბოსტნები და ფერმერები მოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენ ფერმერს აქვს სტიქიური მოვლენების დროს სეტყვისგან დამცავი ბადეები. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლიდან 2023 წლის 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ 19 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება.

ფერმერების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადების დაცვის კარგი საშუალებაა, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და სოფელში მცხოვრებ გლეხს არ აქვს მათი შეძენის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება საქართველოშიც ხდება, საწარმო აგრობადე ოფიციალურად 2023 წლის აპრილ-მაისში გაიხსნა. როგორც შპს „აგრობადეს“დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადებზე მოთხოვნა არის, თუმცა ფერმერები ელოდებიან სახელმწიფოსგან დაფინანსების ზრდას, რის შემდეგად მოთხოვნაც და ბადეების წარმოებაც კიდევ უფრო გაიზრდება.

„დღეის მდგომარეობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10%-ს აფინანსებს სახელმწიფო, ფერმერები კი ითხოვენ და ელიან, რომ ეს დაფინანსება გაიზარდოს 30-40%-მდე, რის შემდეგად უფრო მეტ ფერმერს შეეძლება ამ სისტემების დამონტაჟება.

რაც შეეხება ღირებულებას, 1 კვადრატული ბადის ფასი 1 ლარს შეადგენს. ჯამში, 1 ჰექტარი გაშენებული ვენახის გადაფარვა ფერმერს 13-დან 15 ათას ლარამდე უჯდება, ხეხილის ბაღების შემთხვევაში ფასი უფრო მაღალია და დაახლოებით 60 ათასამდე ჯდება.

შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება გაიზრდება უფრო მეტი ფერმერი მოაწყობს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს და შესაბამისად, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, წარმოება გავზარდოთ“, - განაცხადა მაისურაძემ.

თაია არდოტელი