„ჩემი აზრით, რამდენიმე სამინისტრო ხელახლა აღსადგენია. ერთ-ერთი არის ენერგეტიკის სამინისტრო. იმიტომ, რომ პოლიტიკურად პასუხისმგებელი სტრუქტურა თუ გამოიკვეთება, ეს იქნება საქმისთვის უკეთესი“,- ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, უმჯობესი იქნება, თუ გარემოს დაცვის სამინისტრო განცალკევდება, ხოლო ჯანდაცვა, დასაქმება და სოციალური მიმართულება გაიმიჯნება.
„ჩემი აზრით, რამდენიმე სამინისტრო ხელახლა აღსადგენია. ერთ-ერთი არის ენერგეტიკის სამინისტრო. იმიტომ, რომ პოლიტიკურად პასუხისმგებელი სტრუქტურა თუ გამოიკვეთება, ეს იქნება საქმისთვის უკეთესი. მით უფრო, რომ ასეთი დიდ პროექტია განსახორციელებელი, ელექტროკაბელის, საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, აქედან და ასევე შუა დერეფნის კონცეფციიდან გამომდინარე, ენერგეტიკული მიმართულება ძალიან პრიორიტეტული ხდება. დღეს ის ეკონომიკის სამინისტროშია, ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ ეკონომიკის სამინისტრო თავს ვერ ართმევს, ვფიქრობ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ თუ პოლიტიკურად ასეთი ინსტიტუცია შეიქმნება, ეს იქნება მისასალმებელი.
ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია აღდგეს გარემოს დაცვის სამინისტრო. იმიტომ, რომ მისი განაწილება ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, თავიდან როგორც მოხდა, ინსტიტუციურად ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია. გარემოს დაცვა ისეთი სპეციფიკური სფეროა, ის ყოველთვის არის კონფრონტაციაში დარგობრივ სამინისტროებთან, ამიტომ რა თქმა უნდა, გამართლებულია, მით უფრო იმ ფონზე როდესაც ზაფხულში სხვადასხვა კატაკლიზმის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა.
ასევე, გავმიჯნავდი ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების და სოციალური სფეროდან, რადგან იმდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვა, რომ დასაქმებას და სოციალურ სფეროს ყოველთვის ფარავს, ამ დროს, ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებას, სოციალური სფერო ხომ ყოველთვის პრიორიტეტულია. ასეთ სტრუქტურულ ცვლილებებს, თუ მთავრობა გაითვალისწინებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება ქვეყანას“,- განაცხადა ლადო პაპავამ.