რას წარმოადგენს კომპანია, რომლისგანაც ცესკო ხმის დამთვლელ აპარატურას ყიდულობს - ბიუჯეტი 54,215 მლნ ლარია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის დამთვლელ და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს ნიდერლანდებში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია Smartmatic International Holding-ისგან შეიძენს.

როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნახევრად ელექტრონული წესით ჩატარდება. ამიტომაც ცესკო ათობით მილიონი ლარის ღირებულების ხმის დამთვლელ აპარატურას ყიდულობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, Smartmatic International Holding-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება 54 215 254 ლარს შეადგენს. ტენდერის გამოცხადებისას კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 54 653 496 ლარს შეადგენდა.

Smartmatic International Holding-ი 2000 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომპანია. კომპანიის ოფისები განთავსებული აქვს ჰოლანდიის გარდა, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, კანადაში, ფილიპინებში, ესტონეთში, საერთო ჯამში 12 ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში). საერთო ჯამში, ამ კომპანიის ტექნოლოგიით არჩევნები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და მისი ტექნოლოგია 140-ზე მეტ არჩევნებში გამოიყენეს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აპარატურის ტექნიკური აღწერილობა ასეთია:

ვერიფიკაციის აპარატი, რომელმაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით. შემოთავაზებულ აპარატს უნდა გააჩნდეს ციფრულ მონაცემთა წაკითხვის (MRZ წამკითხველი) და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები. ამასთანავე, MRZ წამკითხველის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტისა ან/და ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გატარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩევლის მონაცემების ხელით. ამას გარდა, ვერიფიკაციის აპარატი და მისი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს გარკვეული სტატუსის მქონე პირების (მაგ.: პატიმრობაშია, საავადმყოფოშია და ა.შ.) დაბლოკვის შესაძლებლობას. ამასთანავე, ვერიფიკაციის ნებისმიერი აპარატის ეკრანზე აღნიშნული უნდა იყოს, რეალურ დროში, ვერიფიცირებული ამომრჩევლების რაოდენობა.

ვერიფიკაციის მოწყობილობა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკოს) არსებულ მონაცემთა ბაზებთან (მონაცემები განთავსებულია MSSQL სისტემაში, რომლის მიწოდებაც აპარატებში განსათავსებლად უნდა მოხდეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მიერ გამართული, შუალედური სერვერის გამოყენებით). ამასთან, ვერიფიკაციის აპარატი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყენებდეს ინტერნეტს ან/და ინფორმაციის გაცვლის უსადენო კავშირს (Wifi მოწყობილობა)

ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი - შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით, რომელიც იყენებს ოპტიკური ნიშნების ამოცნობის ტექნოლოგიას (OMR Technology). ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატს უნდა გააჩნდეს ქაღალდის ბიულეტენის სკანირების, ხმების დათვლის, შედეგების შეჯამებისა და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები, ასევე აპარატს უნდა გააჩნდეს ბიულეტენების ორივე გვერდის სკანირების შესაძლებლობა. ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში განთავსებისათვის შესაძლებელი უნდა იყოს ციფრულ წამკითხველზე ბიულეტენის მორგება ზედ დატანილი QR კოდით და ამავდროულად, ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო კონვერტში მოთავსება. ამასთანავე, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული ნებისმიერი აპარატის ეკრანზე აღნიშნული უნდა იყოს, რეალურ დროში, აპარატში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა.

ამავდროულად, ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატს თან უნდა ახლდეს ბიულეტენების შესანახი ყუთი, რომელზეც მყარად უნდა მაგრდებოდეს უშუალოდ აპარატი და თავსებადი იყოს მასთან.

ბიულეტენების შესანახი ყუთის მოცულობა უნდა იყოს 200-220 ლიტრის ფარგლებში, ხოლო მისი გამჭვირვალობა უნდა იყოს: 30-35 %-ის ფარგლებში.ამასთან, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყენებდეს ინტერნეტს ან/და ინფორმაციის გაცვლის უსადენო კავშირს (Wifi მოწყობილობა)," - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, მოწყობილობებს უნდა გააჩნდეთ ISO 9001:2015, ISO 14001:2015, და ISO 27001:2013 მოქმედი სერტიფიკატები.

ცნობისათვის, 2023 წლის 6 თებერვალს ცესკომ გამოსცა დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესები არის განსაზღვრული.