აფხაზეთი ზაფხულის სეზონზე რუსი ტურისტების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის დასახელდა. ამის შესახებ რუსული სადაზღვევო სახლის, VSK-ის კვლევაში წერია.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსებმა დასასვენებლად საშიში ქვეყნების სამეულში შეიყვანეს და ის თურქეთისა და ეგვიპტის შემდეგ მესამე ადგილზეა.
ექსპერტების მონაცემებით, რომლებმაც ზაფხულის პერიოდისთვის სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობა გააანალიზეს, აფხაზეთში რუსების მონაწილეობით ინციდენტების 7% დაფიქსირდა.
ტურისტებისთვის საშიში ქვეყნების ანტირეიტინგში ლიდერი თურქეთია, სადაც რუსები ინციდენტების ყველაზე მეტ რაოდენობაში, 44%-ში მოხვდნენ. მეორე ადგილზე 33%-ით ეგვიპტეა. თურქეთში ყველაზე მეტი, ანუ შემთხვევების 34% ალანიაში, ხოლო 24% ქემერში დაფიქსირდა. წლევანდელ ზაფხულს რუსებისთვის ყველაზე უსაფრთხო თურქული კურორტი, ანტალია აღმოჩნდა, სადაც 5%-ზე ნაკლები ინციდენტი მოხდა.
მზღვეველებში ყველაზე ნაკლები მიმართვიანობა იმ რუსი ტურისტებისგან შედიოდა, რომლებიც აზერბაიჯანში, უზბეკეთში, სომხეთში, ბელარუსსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოგზაურობდნენ.
საზაფხულო დასვენების დროს ყველაზე ხშირად რუსი ტურისტები სამედიცინო დახმარებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ოტიტის (ყურის ანთების) პრობლემების, ასევე, სხვადასხვა ტრავმის გამო, მათ შორის, მოტეხილობებით მიმართავდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ