საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა, შესაბამისად, მათ დატოვეს საბჭოს შემადგენლობაც. საბჭოში ამ დროისთვის 4 წევრი რჩება, რაც სებ-ის ქმედითუნარიანობისთვის საკმარისი არაა. კანონის მიხედვით, საბჭოს ახალი წევრების არჩევა 2 თვის ვადაში უნდა მოხდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 2023 წლის 20 ნოემბრამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა მინიმუმ ერთი კაცით არ შეისვო, საბჭო ქვედითუუნარო გახდება.
ცნობისათვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.
დღემდე ეროვნული ბანკის საბჭო 7 პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც 4 პოზიცია აღმასრულებელ პირებს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა 5-ზე მეტია. შესაბამისად, ამჟამად საბჭო ქმედუუნარო გახდება, რადგან მის შემადგენლობაში 4 წევრი რჩება.
“ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა,”- ნათქვამია კანონში.
ამასთან, კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.
არჩილ მესტვირიშვილის, პაპუნა ლეჟავას და ნიკოლოზ გაგუას გარდა, რომლებმაც თანამდებობები უკვე დატოვეს, საბჭოში კიდევ 4 წევრია - ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი, ეკატერინე გალდავა. ნათია თურნავას საბჭოს წევრად ყოფნის ვადა 2029 წლის ივლისში ეწურება, ეკატერინე გალდავას და ეკატერინე მიქაბაძეს 2028 წლის ივლისში, ხოლო კიდევ ერთი წევრი - რობერტ სინგლეტერი საბჭოს 2023 წლის დეკემბერში დატოვებს.