"შეშფოთებული ვართ, ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით", - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა განუცხადა.
მისივე თქმით, ფონდი საკითხის ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოახდენს ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა.
ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის.
ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - აღნიშნავს სავალუტო ფონდის მისიის უფროსი ჯეიმს ჯონი "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიცემულ კომენტარში.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი დატოვეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.