2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ცოცხალი შინაური ცხოველების იმპორტი გაიზარდა. მოიმატა როგორც ცოცხალი ღორების, ასევე ცხვრის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტმა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 8 თვეში საქართველოში შემოვიდა 10,285 მლნ დოლარის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 2,404 მლნ დოლარის. მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტში პირველ ადგილზეა დანია - 3,363 მლნ დოლარით, მეორეზე რუსეთი - 2,278 მლნ დოლარით და მესამეზე ესტონეთი - 1,295 მლნ დოლარი.
ამასთან, 2022 წელთან შედარებით გაიზარდა საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტიც. კერძოდ, 2023 წლის 8 თვეში ვიყიდეთ 16,387 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი ღორები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,551 მლნ დოლარის ღირებულების. აღსანიშნავია, რომ წელს ცოცხალი ღორების უდიდესი ნაწილის - 16,236 მლნ დოლარის ღირებულების იმპორტი სწორედ რუსეთიდან განხორციელდა.
რაც შეეხება ცოცხალ თხებს და ცხვრებს, წელს საერთო იმპორტში აქაც ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, თუ შარშან საქართველომ 529,1 ათასი დოლარის ღირებულების წვრილფეხა შინაური ცხოველები იყიდა, წელს 8 თვეში ეს მაჩვენებელი 1,012 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს მთავარი იმპორტიორი აქაც რუსეთია - 846,7 მლნ დოლარის ღირებულებით.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში შინაური ცხოველების დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ უცხოეთში 27,684 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი თხები, ცხვრები, რქოსანი პირუქტყვი და ღორები იყიდა, აქედან 19,361 მლნ დოლარის ღირებულების რუსეთში. შედეგად, გამოდის, რომ შინაური ცხოველების იმპორტის დაახლოებით 70% სწორედ რუსეთზე მოდის.