დუბაიმ მსოფლიოში პირველი „წყალქვეშა მცურავი მეჩეთის“ მშენებლობა დააანონსა, რომლის ღირებულებაც 55 მლნ დირჰემს, ანუ, დაახლოებით, 15 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Khaleej Times ავრცელებს.
გამოცემამ შენობის საპროექტო ესკიზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მეჩეთის ერთი ნახევარი, დასასვენებელი ზონებითა და კაფეთი, წყლის ზედაპირზე განთავსდება, ხოლო მეორე ნახევარი წყალქვეშ იქნება.
დაპროექტებულ სამსართულიან ნაგებობას ამჟამად ანალოგი არ გააჩნია. ის დიდი წყალქვეშა გემბანით არის დაგეგმილი, რომელსაც სალოცავ ადგილად გამოიყენებენ. გემბანი ერთდროულად 50-75 მლოცველს დაიტევს. წყალქვეშა დონეზე, ასევე, საპირფარეშოებიც მოეწყობა.
გამოცემის ცნობით, მეჩეთის მშენებლობის გეგმა ისლამურ საქმეთა და საქველმოქმედო საქმიანობის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა, რომელმაც დუბაიში „რელიგიური ტურიზმის“ განვითარების პროექტზე ბრიფინგი გამართა. დეპარტამენტის წარმომადგენელი, აჰმედ ალ მანსური აცხადებს, რომ მშენებლობა მალე დაიწყება, თუმცა მომავალი მეჩეთის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასახელებს.
„ის ნაპირთან მეტად ახლოს განთავსდება და მორწმუნეები მასზე ხმელეთიდან ხიდის გავლით შეძლებენ გადასვლას,“ - აცხადებს ალ მანსური.
მისი თქმით, მეჩეთი ნებისმიერი რელიგიური კუთვნილების მნახველისთვის იმ პირობით იქნება ღია, თუ ისინი „მოკრძალებულად ჩაიცვამენ“ და „ისლამურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს დაიცავენ.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ