შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში“ ამჟამად დასაქმებული არის 12 პირი. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის დავით ხაჯიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამასთან, სამინისტროს ცნობითვე, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭო შედგება 3 წევრისაგან, მათ შორის ერთი წევრი იკავებს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოზიციას.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე რამდენიმე თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი დაინიშნა. საბჭოს წევრები არიან ასევე: ნინო ფაცაცია და ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი. დირექტორის პოზიციას კი ზურაბ სიჭინავა იკავებს.
რეესტრის მონაცემებით, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მიმდინარე წლის 17 მარტს არის რეგისტრირებული. როგორც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, ახალი სახელმწიფო შპს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ კაპიტალი დღეის მდგომარეობით შეადგენს 3 მლნ ლარს, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრეა შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.
შეგახსენებთ, რომ ინვესტორებისთვის ანაკლიის პორტზე საკვალიფიკაციო განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა 2023 წლის 19 ივნისს. ახლა კი კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. როგორც 22 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას ეკონომ8იკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პორტზე მიიღეს 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. მათგან, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დააკმაყოფილა 2-მა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.