საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად საქართველოში საწვავის ფასიც იზრდება.
ამჟამად, Brent-ის ნედლი ნავთობის ღირებულება ერთ ბარელზე 97 დოლარს აღწევს, ხოლო WTI 94 დოლარი ღირს, რაც ივლისის შემდეგ, დაახლოებით, 30%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
ამავდროულად, საწვავის ფასებმა საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზეც მოიმატა 10-20 თეთრით.
მაგალითად, Gulf-ში ერთი ლიტრი ევრო რეგულარი თუ 2.97 ლარი ღირდა ერთი კვირის წინ, დღევანდელი მოცემულობით 3.07 ლარი ღირს. უფრო მეტია ზრდა ევრო დიზელთან მიმართებით ერთკვირიან ჭრილში ფასმა 3.15 ლარიდან 3.35 ლარამდე მოიმატა.
Wissol-ში ევრო რეგულარი 19 სექტემბერს 2.92 ლარი ღირდა, დღეს კი 3.12 ლარი ღირს. 10-თეთრიანი ზრდაა ევრო დიზელთან მიმართებით და 28 სექტემბერს 3.34 ლარს შეადგენს ერთ ლიტრის ღირებულება.
21 თეთრითაა გაზრდილი ანალოგიურ პერიოდში ნანო ევრო დიზელის ფასები Socar-ის სადგურებზეც და 3.07 ლარს აღწევს. 20 თეთრითაა გაზრდილი ერთი ლიტრი ევრო 5 დიზელის ღირებულებაც და 3.24 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება Rompetrol-ს, ევრო რეგულარი მხოლოდ 7 თეთრითაა გაძვირებული და 2.95 ლარი ღირს, ხოლო 9 თეთრით, 3.24 ლარამდეა მომატებული ევრო დიზელის ფასი.
Lukoil-ში ევრო რეგულარი 19 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი 14 თეთრითაა გაძვირებული და შესაბამისად, ფასები 3.05 ლარსა და 3.30 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დროებით შეზღუდვა 21 სექტემბერს შემოიღო. როგორც რუსული მედია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა, მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.
დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე.