2022 წელს, სრულიად მოულოდნელად, მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ინსულინზე სახელწოდებით Novo Nordisk და მის რევოლუციურ ქმნილებაზე - სემაგლუტიდზე. წამალი, რომელიც თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალოდ იყო გათვალისწინებული, წონის კლებისთვის გამოიყენეს, რომელიც შედეგს ვარჯიშისა და დიეტების გარეშე იძლეოდა.
ნემსის გამოყენება დაიწყო ყველამ - დაწყებული ილონ მასკითა და ბორის ჯონსონით, დამთავრებული რიგითი ადამიანებით. რამდენიმე თვეში კი Novo Nordisk-ი ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა, რომელმაც მოწინავე ადგილი თვით Louis Vuitton-ს დაათმობინა.
აბსოლუტური ლიდერი
4 სექტემბრის კოპენჰაგენის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შემდეგ, Novo Nordisk გახდა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია ევროპაში. ამ დროისთვის, 2023 წლის 28 სექტემრბსითვის კომპანიის ღირებულებაა 413 მილიარდ დოლარს აღწევს, წლის დასაწყისში კი 304,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
2023 წელს Novo Nordisk-ს 100 წელი შეუსრულდა. მისი ისტორია ორი დანიური კომპანიის - Nordisk Insulinlaboratorium-სა და Novo Terapeutisk Laboratorium-ის გაერთიანებით დაიწყო. ორივე მათგანი ინსულინის წამლის წარმოებით იყო დაკავებული - პრეპარატის, რომლის წყალობითაც დიაბეტი განაჩენი აღარ არის. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, Nordisk და Novo ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა მათ დიაბეტის მკურნალობაში ერთობლივი წვლილი შეეტანათ.
მაგალითად, 1985 წელს კომპანიამ Novo შექმნა მსოფლიოში პირველი შპრიცი-კალამი „ნოვოპენი“ - რითიც ინსულინის ინექცია მკვეთრად გამარტივდა.
1989 წელს კომპანიები გაერთიანდნენ.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც Novo Nordisk-მა მეორე ტიპის დიაბეტისთვის პრეპარატი წარმოადგინა, რომლის მოქმედი ნივთიერება ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის ანალოგი იყო, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმის მიერ, როდესაც საკვები კუჭში შედის და პანკრეასს აძლევს სიგნალს, რომ გამოიმუშაოს ინსულინი, როდესაც გლუკოზის დონე მაღალია.
Novo Nordisk-ის პირველი დაპატენტებული პროდუქტი ამ კომპონენტით იყო პრეპარატი Saxenda - აშშ-მა 2014 წელს დაამტკიცა. მისი ორი ანალოგი - Ozempic და Wegovy კომპანიამ 2017 და 2021 წლებში გამოუშვა.
თავდაპირველად, ყველა მათგანი ეფექტური აღმოჩნდა დიაბეტის სამკურნალოდ - თუმცა, 2021 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა The New England Journal of Medicine გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ მკურნალობის დროს პაციენტები კარგავენ წონის ათეულ პროცენტს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Novo Nordisk-ის მიერ შემუშავებული გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 რეცეპტორის ანალოგები, როგორიცაა სემაგლუტიდი და ლირაგლუტიდი, ანელებს ნაწლავის მოძრაობას და გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსში კვების ცენტრზე. ადამიანი უფრო მეტხანს გრძნობს სიმაძღრეს და შეიძლება დიდხანს გაძლოს საკვების გარეშე - იმ დონემდეც კი, რომ დაივიწყოს ჭამის აუცილებლობა.
მას შემდეგ Novo Nordisk-ის წამლების პოპულარობამ სწრაფად დაიწყო ზრდა - დიაბეტით დაავადებულთა გარდა, მილიონობით სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებდა, პრეპარატით დაინტერესდა. მათთვის მეცნიერთა ეს აღმოჩენა ნიშნავდა, რომ თვეების განმავლობაში დიეტებისა და დამღლელი ვარჯიშის შეცვლა შესაძლებელია სასწაულებრივი წამლის მიღების კურსით. წამალი თვალის დახამხამებაში ქრებოდა აფთიაქების თაროებიდან, მიუხედავად მისი ფასისა - ერთი შპრიცი (ანუ ერთი დოზა კანქვეშა ინექცია) დაახლოებით ათასი დოლარი ღირდა.
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც დანიაა, Novo Nordisk-ის ბიზნესის ზრდა ანომალიური გახდა.
კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად ქვეყნის მთლიან წარმოებას აღემატება
წამლების გაყიდვების ზრდამ საზღვარგარეთ იმდენად გააძლიერა დანიური კრონი, რომ ადგილობრივი ცენტრალური ბანკი იძულებულია საპროცენტო განაკვეთები შეამციროს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყნის ეკონომიკის მომავალი ახლა Novo Nordisk-ზე არის დამოკიდებული, რადგან რომ არა Novo Nordisk, არ იქნება დანიის ეკონომიკური ზრდა.
ამას გარდა, პრეპარატის მწარმოებლის დამსახურებით, დანიაში „საკადრო ბუმი“ მოხდა: პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ფარმაცევტული გიგანტი აფართოებს არსებულ ქარხნებს და გეგმავს ახალი საწარმოო ადგილის აშენებას ქვეყანაში.
მიმდინარე წლის აგვისტოში ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2023 წელს მშპ-ს ზრდას 1,2%-ით მოელის.
თუმცა, დანიელი მწარმოებლის გამაოგნებელი წარმატების ფონზე, ექიმები და მეცნიერები სულ უფრო ხმამაღლა ამტკიცებენ, რომ „გასახდომი ინექციები“ სულაც არ არის ისეთი სასწაულებრივი, როგორც მარკეტოლოგები ირწმუნებიან. წამლების ეფექტი მხოლოდ მათი მიღების დროს ხდება - კურსის ბოლოს ხდება წონის მკვეთრი მატება და ამისი კონტროლი საკმაოდ რთულია.
სამედიცინო ჟურნალში Diabetes, Obesity and Metabolism გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Ozempic-ისა და მისი ანალოგების მიღება დაკავშირებულია უამრავ უსიამოვნო და ზოგჯერ სახიფათო გვერდით მოვლენებთან. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და დაღლილობა.
Novo Nordisk-ის გლობალური რეპუტაცია ასევე შელახულია საეჭვო მარკეტინგული პრაქტიკით - კომპანიას ბრიტანეთის ფარმაცევტული ინდუსტრიის ასოციაციის წევრობა 2023 წლის მარტში კოდის სერიოზული დარღვევის გამო ორი წლით შეუჩერდა.
გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ მწარმოებლის ფასების პოლიტიკა ძალიან საკამათოა - KFF კვლევითმა ჯგუფმა აგვისტოში განაცხადა, რომ Novo Nordisk-ის მიერ შეერთებულ შტატებში დაწესებული ფასები რამდენჯერმე აღემატება სხვა ქვეყნებში წამლების ღირებულებას. მაგალითად, Ozempic ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ამერიკელებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ თვეში მინიმუმ 936 დოლარის დახარჯვა წამალზე, მაშინ როცა იაპონიაში მწარმოებლის მიერ წამლის რეკომენდებული ფასი ხუთჯერ დაბალია - 168 დოლარი. ევროპის ქვეყნებში ღირებულება კიდევ უფრო დაბალია: კერძოდ, გერმანიაში Ozempic 103 დოლარი ღირს, შვედეთში - 96 დოლარი, ხოლო საფრანგეთში - 83 დოლარი.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ წონის დაკარგვის ახალი მედიკამენტების გავრცელება დადებითად აისახება სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის ეროვნული სისტემების ფუნქციონირებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1975 წლიდან 2016 წლამდე, სიმსუქნის მაჩვენებელი მსოფლიოში სამჯერ გაიზარდა.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მსხვერპლი გარდაუვალია ჯანდაცვის ამ რევოლუციაში. სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალმა პრეპარატებმა შესაძლოა, პროდუქტებზე და სერვისებზე სამედიცინო, კვების და ფიტნეს ინდუსტრიებიდან მოთხოვნილება მკვეთრად შეამცირონ.
ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რომელმაც შესაძლოა, დაამტკიცოს Ozempic-ის, Wegovy-ის და მათი ანალოგების ეფექტურობა ისეთი დამოკიდებულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, მოწევა და აზარტული თამაშებიც კი. მათმა შედეგებმა ალკოჰოლისა და თამბაქოს კორპორაციების, ასევე გასართობი ინდუსტრიის ზოგიერთი მოთამაშის პოზიციები ბაზარზე შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეასუსტოს.