ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება ჯამში 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო).
“მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას”, - განაცხადა ვარჰეიმ.
მისი თქმით, ამ სქემით აღნიშნული ქვეყნები სრულფასოვან წევრობამდე ევროპულ ბაზარსა და ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე - საქონლის, მომსახურების, შრომისა და კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევაზე - თანდათანობით წვდომას მოიპოვებენ.
“გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე ერთიან ბაზარში, თანდათანობითი ინტეგრირების შესაძლებლობა შევქმნათ, ვინაიდან ეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისთვის და კანდიდატი ქვეყნებისთვის,” - განაცხადა ვარჰეიმ.
მისი თქმით, ევროკომისიის წინადადება ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნებისთვის დამატებით თანხმებსაც მოითხოვს, რათა შეძლონ გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარება.