28 სექტემბერს Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 97 დოლარს მიაღწია და 100-დოლარიან ნიშნულს კიდევ უფრო მიახლოვდა, რაც აშშ-ში მოსალოდნელზე ნაკლებმა მარაგებმა და შესაბამისად, ბაზარზე მდგომარეობის გაუარესების მოლოდინმა განაპირობა.
აღსანიშნია, ეს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
აშშ-ს ენერგიის საინფორმაციო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში კომერციული ნედლი ნავთობის საწარმოო მარაგები 2.2 მლნ ბარელამდე შემცირდა, რამაც მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები კიდევ უფრო გაზარდა და ნავთობის ფასზე გავლენა იქონია.
2 ოქტომბრისთვის კი ფასები მცირედით დაწეულია. ორშაბათ დილას 1 ბარელი Brent 92.5 დოლარი ღირს, WTI კი 91 დოლარზეა. რაც შეეხება რუსულ Urals, მისი ფასი G7-ის მიერ დაწესებულ 60-დოლარიან ზღვარზე მაღალია და 1 ბარელი 80 დოლარი ღირს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ ნედლი ნავთობი, დაახლოებით, 30 პროცენტითაა გაძვირებული, რაც მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების, მათ შორის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ მიწოდების შემცირებითაა განპირობებული.